ახალი ამბები

ლანა ღოღობერიძე: ასეთი ტიპის პროტესტი არც გვინახავს

26 ივნისი, 2019 • 2048
ლანა ღოღობერიძე: ასეთი ტიპის პროტესტი არც გვინახავს

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე აქციები ქვეყნისთვის უნიკალური პროცესია.

რეჟისორი მიიჩნევს, რომ ის, რასაც აქციების მონაწილეებმა მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სახით, შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის:

“ჩვენ ასეთი ტიპის პროტესტი არც გვინახავს, სადაც მართლა ნათლად ჩანს, რომ არ არის გავლენის სფეროში, არიან დამოუკიდებლები. დამოუკიდებლად მივიდნენ ამ აზრებამდე, სამშობლოს სამსახურში, ყოველგვარი მაღალი სიტყვების გარეშე. მართლა მივესალმები სულით და გულით. მინდა მივმართო პირდაპირ, რაღაცა იმედი გაჩნდა ჩემთვის, ჩემი ბევრი ნაცნობისა და ახლობლისთვის. ჩემი შვილიშვილების, შეიძლება შვილთაშვილების თაობაა. ეს მშვენიერია, ძალიან მიხარია”, – ამბობს ღოღობერიძე.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი