ახალი ამბები

ლომჯარია: მელიას მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა

26 ივნისი, 2019 • 1214
ლომჯარია: მელიას მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, როცა 20 ივნისს აქციის დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის:

“მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ისეთ მწვავე ვითარებაში, როგორიც იყო 20 ივნისის საღამოს, მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის”, – ამბობს ომბუდსმენი.

ლომჯარიას თქმით, ეს მნიშვნელოვანი იქნება შექმნილი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და, შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოიტანა ბრალდების დადგენილება და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღებისთის პარლამენტს მიმართა.

დღეს, 26 ივნისს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ნიკა მელიას, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ სამართლებრივი დევნა დაიწყო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი