“თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური პოზიცია უკრაინაში მებრძოლ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესებისთვის სამარცხვინოა და საფრთხის შემცველი.
მსგავსი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კი ნათლად მიუთითებს უწყების პოლიტიზებულობაზე, რომელიც ალექსანდრეს გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდზე მთელი დღის განმავლობაში მიზანმიმართულად იშლება განცხადების მიმართ უარყოფით კომენტარები!
უკრაინაში მებრძოლი ქართველები მოხალისედ ეწერებიან და უკრაინის თავისუფლებასთან ერთად იცავენ საკუთარი სამშობლოს ინტერესებეს!
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის დროს საქართველოს მხარეს რამდენიმე ასეული უკრაინელი იბრძოდა, რომლეთაგან 14 ვახტანგ გორგასლის მედლითაა დაჯილდოებული.
თავდაცვის მიერ გამოქვეყნებული განცხადება არის ღირსების შემლახველი თითოეული უკრაინაში მებრძოლისთვის, თითოეული ქართველი მებრძოლისთვის, თითოეული სამოქალაქო პირისთვის!
აუცილებელია თავდაცვის სამინისტრომ მოიხადოს ბოდიში და დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, დაუყოვნებლივ გადადგეს მინდია ჯანელიძე!”– წერია დღევანდელი აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას,”- ეს განცხადება თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 20 დეკემბერს გააკეთა.
უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ცალკეული პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და აღნიშნულ განცახდებას სამარცხვინო უწოდეს.