ახალი ამბები

ზოიძე: თქვენ დაგვხვრიტავდით, 9 წელი აწამებდით ქვეყანას, პასუხი უნდა აგოთ

26 ივნისი, 2019 • 1195
ზოიძე: თქვენ დაგვხვრიტავდით, 9 წელი აწამებდით ქვეყანას, პასუხი უნდა აგოთ

“ქართული ოცნების” დეპუტატი აკაკი ზოიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობენ, აცხადებს, რომ მისთვის ნიკა მელიას, როგორც კოლეგის პატივისცემა იმ წუთას დამთავრდა, როდესაც “მან ხელის ერთი დაქნევით წაიყვანა შეიარაღებულ სპეცრაზმზე ახალგაზრდები”:

“პირადად ჩემთვის, როგორც კოლეგის, ნიკა მელიას პატივისცემა დამთავრდა იმწუთას, როდესაც მან ხელის ერთი დაქნევით წაიყვანა შეიარაღებულ სპეცრაზმზე ის ახალგაზრდები, რომლებიც გულანთებული პროტესტით ალალად მოვიდნენ აქ და მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ. ძალიან კარგად იცოდა, რა შედეგებიც შეიძლება მოჰყოლოდა ამას.

მისი განათლების ადამიანს, უშიშროების აკადემიაში რასაც ასწავლიან, ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას, მაგრამ ძალაუფლების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი მისი პატრონი, რომელიც იქიდან ბრძანებებს იძლეოდა და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს, არას დაგიდევდა- არც გვამებს, არც დასახიჩრებას ახალგაზრდების, არც გამოთხრილ თვალებს ახალგაზრდების, ეს იყო ის მიზეზი, რატომაც ეს მოხდა”, – ამბობს აკაკი ზოიძე.

დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის პოლიტიკური შავი ჭირია, რომელიც 9 წელი აწამებდა ქვეყანას, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ:

“ამიტომაც, ბატონო ნიკა, მე ფართოდ გახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას. მაგრამ მზერას ვერ გავუსწორებ, ხუთი დღის წინ ვერ გავუსწორე მზერა, ვერც მომავალში გავუსწორებ მზერას მაიკო გომურს, მიუხედავად იმისა, რომ ცალი თვალი აქვს მხოლოდ. იმიტომ, რომ პირადად ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ აქ გავრილოვი იჯდა, თქვე მართლა პოლიტიკურად შავ ჭირს, ვერ ამოგაშლევინეთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან კვალი.

მეც პირადად ვარ ამაში დამნაშავე და მთელი ცხოვრება უნდა გამყვეს. ნუ გვაცოდებთ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხბრიტავდით, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მთელი 9 წელი აწამებდით ქვეყანას, პასუხი უნდა აგოთ”, – ამბობს ზოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი