ახალი ამბები

ბიზნესგაერთიანებები “ოქროს სიასთან” დაკავშირებით პრემიერს მიმართავენ

26 ივნისი, 2019 • 1316
ბიზნესგაერთიანებები “ოქროს სიასთან” დაკავშირებით პრემიერს მიმართავენ

ბიზნესგაერთიანებების ინფორმაციით, ამ დრომდე არ მიუღიათ საპასუხო წერილი ფინანსთა მინისტრისგან “ოქროს სიასთან” დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ისინი მინისტრისგან „ოქროს სიისა“ და სხვა საბაჟო შეღავათების გაუქმების დასაბუთებას ითხოვდნენ.

გავრცელებულ მიმართვაში წერია, რომ 10 ბიზნესგაერთიანება პრემიერს სთხოვს, უახლოეს დღეებში გამართოს შეხვედრა, რომელსაც ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

“ბატონო მამუკა

სამწუხაროდ, ბიზნესგაერთიანებებს დღემდე არ მიგვიღია პასუხი წერილზე, რომელშიც ფინანსთა მინისტრს ვთხოვდით ახსნა-განმარტებებს „ოქროს სიისა“ და სხვა საბაჟო შეღავათების გაუქმების შესახებ, მაშინ როდესაც ცვლილებები სრულად ძალაში შედის 2019 წლის 2 ივლისს. გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს-სექტორის უმრავლესობისთვის რთულდება სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება არასაკმარისი საბრუნავი საშუალებების გამო.
აღნიშნული ასევე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებზეც გავრცელდება გადასახდელის გადახდის 5-დღიანი ვადა წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად მოქმედი 15-დღიანი ვადისა.
მოგმართავთ თხოვნით, უახლოეს დღეებში გამართოთ შეხვედრა ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, ზემოხსენებული ბრძანების შინაარსისა და ძალაში შესვლის ვადებთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ ბრძანების დათქმულ ვადაში ამოქმედების შედეგად მოსალოდნელი ნეგატიური ცვლილებები,”-წერია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენე:

  • გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  • დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია
  •  ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
  • ქართულ მაღაზიათა ასოციაცია
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
  •  საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
  •  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
  • საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაცია
  •  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

10-მა ბიზნესგაერთიანებამ 12 ივნისს ერთობლივი წერილით მიმართა ფინანსთა მინისტრს 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული ბრძანების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, უქმდება ე.წ ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები. ბიზნესგაერთიანებები მინისტრისგან მოითხივენ განმარტოს:

  • ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია;
  • რა ფისკალურ ეფექტს ელოდება სამინისტრო მათი ძალაში შესვლის შემდეგ;
  • რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, ე.წ ოქროს სიაში მყოფ კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ. აქამდე იმპორტის გადასახდელებს ბიზნესი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღეში იხდიდა, გარდა ე.წ ოქროს სიის წევრებისა. ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ დღეს, 12 ივნისს ამოქმედდა, ხოლო სხვა შემთხვევაში- 2 ივლისს ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი