ახალი ამბები

პრეზიდენტი: დაუშვებელია ფართომასშტაბიანი სამუშაოები საყდრისში სასამართლოს გადაწყვეტილებამდე

19 დეკემბერი, 2014 • • 1112
პრეზიდენტი: დაუშვებელია ფართომასშტაბიანი სამუშაოები საყდრისში სასამართლოს გადაწყვეტილებამდე

“იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, საჭიროდ მიმაჩნია, გამოვხატო საკუთარი პოზიცია.

 

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა.

 

საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება.   

 

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით.” 

 

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მოისმინა მათი არგუმენტები ოქროს მაღაროში სამუშაოების შეჩერების,  ღნიშნული ობიექტის ისტორიული დეტალებისა და სამართლებრივი დარღვევების თაობაზე.

 

მარგველაშვილი ბოლნისის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობითაც დაინტერესდა და კომიტეტის წევრებს საკუთარი მოსაზრება გააცნო. 

 

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზციებმა და მოქალაქეებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართეს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი და დაუყოვნებლივ შეაჩეროს საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე მიმდინარე მიწის სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი