ახალი ამბები

პარლამენტში ყოფილ დეპუტატებსა და საშვის მქონე მოქალაქეებს არ უშვებენ

26 ივნისი, 2019 • 1206
პარლამენტში ყოფილ დეპუტატებსა და საშვის მქონე მოქალაქეებს არ უშვებენ

საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლაზე დღეს ყოფილ დეპუტატებსა და საშვის მქონე მოქალაქეებს უარს ეუბნებიან. რესპუბლიკური პარტიის ლიდერები – თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩნენ.

ისინი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დასწრებას გეგმავდნენ, სადაც პროკურატურისთვის თანხმობის საკითხს იხილავენ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შესაფარდებლად.

წინა მოწვევის პარლამენტარი თამარ კორძაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უფლება აქვს დაესწროს კომიტეტის სხდომას. მან არაგონივრული უწოდა შეზღუდვებს, რომლებიც პარლამენტში ამოქმედდა:

„გასაგებია, შეიძლება ხელისუფლებას არ უნდა, რომ მასობრივად შევიდეს ხალხი საშვებით, მაგრამ ყოფილ პარლამენტის წევრებზეც შეზღუდვის დაწესება არის არანორმალური იმიტომ, რომ ერთი თამარ კორძაია გადატრიალებას ვერ მოახდენს იქ.“

პარლამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო მოქმედებს დროებითი შეზღუდვა და იქ შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლებსა და აკრედიტებულ ჟურნალისტებს აქვთ. მათივე თქმით, საშვის დაშვების სისტემაც დროებით შეზღუდულია და როდემდე გაგრძელდება, არ იციან.

ჩვენს კითხვაზე, რატომ შეექმნათ იგივე პრობლემა ყოფილ დეპუტატებს, პასუხად მივიღეთ, რომ „ყოფილი დეპუტატი არ არის მოქმედი დეპუტატი, შესაბამისად, ეს შეზღუდვა შეეხო.“


საქართველოს პარლამენტში დღეს განიხილავენ პროკურატურის წინადადებას. პროკურატურა პარლამენტისგან ითხოვს ნებართვას, მიმართოს სასამართლოს დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ, პროკურატურა მის დაკავებას აპირებს

ავტორი: თემო მელიქიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი