ახალი ამბები

აქცია პროტესტის მეექვსე დღეს დასრულდა, 26 ივნისს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბებიან

26 ივნისი, 2019 •
აქცია პროტესტის მეექვსე დღეს დასრულდა, 26 ივნისს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბებიან

მრავალათასიანი დემონსტრაცია თბილისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დასრულდა. ეს პროტესტის მეექვსე დღე იყო.

დემონსტრანტები 26 ივნისს კვლავ გეგმავენ შეკრებას პარლამენტთან იგივე მოთხოვნით.

დაშლამდე დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა მინისტრს მობილურ ტელეფონზე გაუგზავნეს შეტყობინება: წადი!!

აქცია 25 ივნისს 19.00 საათზე დაიწყო და 00.30 საათზე დასრულდა. მონაწილეებს მთელი საღამოს განმავლობაში სიტყვით  მიმართავდნენ სხვადასხვა სპიკერები.


მოქალაქეების პროტესტი თბილისში მოყვა 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის გამოსვლას, რის შემდეგაც მოქალაქეებმა აქცია გამართეს და მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის და შს მინისტრის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. პირველივე დღეს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა აქცია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები მეექვსე დღეა  ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი