ახალი ამბები

ღარიბაშვილი: 25 წლის განმავლობაში პირველად გვაქვს 7-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

26 ივნისი, 2019 • 920
ღარიბაშვილი: 25 წლის განმავლობაში პირველად გვაქვს 7-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში “რეაქცია” ამბობს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში პირველად არის 7-წლიანი უწყვეტი მშვიდობა:

“25 წლის განმავლობაში პირველად, ჩემი გამოთვლით, გვაქვს 7-წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა, უწყვეტი”, – ამბობს ღარიბაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეიძლება მშვიდობად შეფასდეს ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ “ეს არეულობა ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიწვია”:

“ეს არეულობა გამოიწვია ნაციონალურმა მოძრაობამ, ჩვენი გამოწვეული არ არის. ჩვენი შეცდომა, რომელიც გავასწორეთ, არ უნდა იწვევდეს ანტიკონსტტუციურ შეცდომებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. ძალიან მიკვირს, ამაზე რატომ არ მიდის აქცენტის გაკეთება” ,- ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი