ახალი ამბები

უსუფაშვილს საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვენ

18 დეკემბერი, 2014 • • 991
უსუფაშვილს საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების სრული და ობიექტური შესწავლა. ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით.
 
 
დღევანდელი მდგომარეობით, საყდრისი-ყაჩაღიანში არქეოლოგიური ობიექტის დაშლის სახელით ადგილი აქვს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებას, რისი უფლებაც კომპანია „RMG-Gold”-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული აქვს. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან ხდება კანონმდებლობის უხეში დარღვევა, აცხადებენ ორგანიზაციები.
 
 
 
ორგანიგანიზაციები ამბობენ, რომ დღემდე არ გამოძიებულა საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების წინა ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა 2014 წლის 8 იანვარს და 13 მარტს, რის გამოც მათ პროკურატურისა და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დაბალი ნდობა აქვთ.
 
 
“უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, აუცილებლად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ის რესურსი და საშუალება, რომელიც უკანონო ქმედების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ინფორმაცია – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამდებობის პირების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შესწავლა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია და აღნიშნული გარემოებებიდან ერთის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის, პეტიციაზე ხელმომწერი პირები მოგმართავთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დადგენილი წესით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დასვათ”, – წერია განცხადებასი
 
 
განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მწვანე ალტერნატივა, ტფილისის ჰამქარი, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ხელოვნების და კულტურის საბჭო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის მაღარო 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold-ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობდა. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 
საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014
საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი