ახალი ამბები

ნიკა მელია: ოლიგარქთან ბრძოლისას ნებისმიერ დღეს შეიძლება გახდე პატიმარი

25 ივნისი, 2019 • 1722
ნიკა მელია: ოლიგარქთან ბრძოლისას ნებისმიერ დღეს შეიძლება გახდე პატიმარი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია ამბობს, რომ მას გააზრებული ჰქონდა, რომ “ქართულ ოცნებასთან” ბრძოლაში, შესაძლოა, პატიმარი გამხდარიყო. მელიას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დააკავებენ, ბრძოლა გაგრძელდება და ეს ნაბიჯი “შეშინებული ხელისუფლების აგონიურ მდგომარეობაზე მიუთითებს”:

“თუ ვინმეს ჰგონია, მით უმეტეს, “ქართულ ოცნებაში”, რომ ამ ბრძოლაში მე და უამრავი ადამიანი ოპოზიციურ ფლანგზე შეგნებით არ ვართ და ოლიგარქის წინააღმეგ ბრძოლა არ გულისხმობს იმ დაშვებას, რომ ნებისმიერ დღეს შეიძლება გახდე პატიმარი მასთან ბრძოლაში, ძალიან ცდება. თუ ჰგონია, რომ ამ ბრძოლისთვის არ ვიყავი მზად, ძალიან შემცდარა ბიძინა ივანიშვილი,  რომელიც სპეცრაზმთან ერთად იღვიძებს მერამდენე დღეა.

ბრძოლა გრძელდება, არაფერი არ უშველის. აქ არის ორი მხარე –  ან ხარ ისტორიის სწორ მხარეს, ან ხარ ისტორიის არასწორ მხარეს. ბავშვებს დათხარეს თვალები და ჩემი პატიმრობა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, ამით ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს? ხალხი გადაიფიქრებს, რომ ივანიშვილი, გახარია და გავრილოვი ცუდია? მარტივადაა საქმე – შეშინებული ხელისუფლების აგონიური მდგომარეობაა”,  – ამბობს მელია რუსთავი 2-თან.

მელიას თქმით, ერთადერთი, რაზეც გული სწყდება, ისაა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის დროს სურდა გარეთ ყოფილიყო:

“ერთადერთი გული რაზეც მწყდება, არის ის, რომ ეს ხელისუფლება როცა დასრულდება, გარეთ მინდოდა ვყოფილიყავი და პოლიტიკური პანჩური მე ამომერტყა ბიძინა ივანიშვილისთვის” ,- ამბობს მელია რუსთავი 2-თან.

მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი