“არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოსპრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი; გააუქმოს ყველა ის აქტი, რომლებიც არქეოლოგიური ძეგლის ნგრევის საფუძველი გახდა და აღუდგინოს საყდრისი-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი”, – წერია განცხადებაში, რომლითაც მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ.
“პრემიერს აქვს იმის უფლება, რომ გააჩეროს საყდრისში სამუშაოები და ამასთან დაკავშირებით მოვაწყვეთ კიდეც აქცია”, – გვითხრა აქციის მონაწილე მარიამ გურგენიძემ.
მისივე თქმით, საყდრისის მაღაროს მხარდამჭერების ნაწილი საყდრისში გაემგზავრნენ. იქ ისინი გადაიღებენ სურათებს და გაეცნობიან დღეს არსებულ ვითარებას არქეოლოგიურ ობიექტზე.
კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.
საყდრისის მაღარო 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.
RMG Gold-ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობდა. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.
