ახალი ამბები

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ბიოგრაფია და ქონება

25 ივნისი, 2019 • 2081
პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ბიოგრაფია და ქონება

სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადამდგარი ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჩაანაცვლა. ვინ არის არჩილ თალაკვაძე?

სანამ პარლამენტის თავმჯდომარე გახდებოდა, იგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. საპარლამენტო უმრავლესობა — კონსტიტუციური უმრავლესობა — „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა [რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიაღწია. თუმცა წევრების გასვლის შემდეგ დაკარგა კონსტიტუციური უმრავლესობა და უბრალო უმრავლესობაშია]. თალაკვაძე ამ არჩევნებზე ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და გახდა კიდეც ოზურგეთის მაჟორიტარი.

პარლამენტში შესვლამდე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო – მინისტრის მოადგილე. ის სამ მინისტრს მოესწრო: ალექსანდრე ჭიკაიძეს, ვახტანგ გომელაურსა და გიორგი მღებრიშვილს.

კიდევ უფრო ადრე, 2012-2014 წლებში, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ამ დროს მინისტრი სოზარ სუბარი იყო.

მანამდე არასამთავრობო სექტორში და სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა. კერძოდ:

2006-2007 წლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის პროექტის კოორდინატორი იყო; 2007 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ გადავიდა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერად მუშაობდა; 2007-დან 2009-მდე წლებში სახალხო დამცველის (სოზარ სუბარის დროს) ოფისის პროექტის მენეჯერი და შემდეგ აპარატის მრჩეველი იყო.

თალაკვაძე გურიაში, ოზურგეთში დაიბადა. სკოლაც იქვე დაამთავრა. 2006 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის სპეციალობით. შემდეგ კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA-ში) სწავლობდა.

დეკლარაციები

ბოლო დეკლარაციის თანახმად, თალაკვაძეს 2017 წელს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე 66 465 ლარი აქვს მიღებული. იმავე წელს მის მეუღლეს, ქეთევან ბუბუტეიშვილს  73 000 ლარზე მეტი ჰქონდა მიღებული ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (სახელმწიფო უწყება) მარკეტინგის და კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

მინისტრის მოადგილის რანგში თალაკვაძეს 2016 წელს 95 895 ლარი ჰქონდა მიღებული, 2015 წელს — 141 459 ლარი; 2014 წელს — 89 495 ლარი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო შსს მინისტრის მოადგილის პოზიციაზე — 9 124 ლარი. 2013 წელს კი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის პოსტზე 92 480 ლარი მიიღო.

ბოლო დეკლარაციის თანახმად, თალაკვაძეს ფლობს 2012 წელს შეძენილ ბინას საბურთალოზე, რომელიც 55 000 აშშ დოლარად იყიდა. მას ასევე ჰყავს Harley-Davidson-ის ფირმის $8000-ის ღირებულების მოტოციკლეტი, მეუღლეს კი $5800-იანი BMW 3.0i 2004. პირად ანგარიშებზე კი 12 000 ლარზე მეტი ჰქონდა. დეკლარაციის თანახმადვე, მას მეგობარმა აჩუქა 360 აშშ დოლარის ღირებულების იარაღი.

მასალების გადაბეჭდვის წესი