ახალი ამბები

პოროშენკო უკრაინელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

24 ივნისი, 2019 • 2854
პოროშენკო უკრაინელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოუწოდებს უკრაინელებს, რომ სამოგზაუროდ საქართველოში ჩავიდნენ. პეტრო პოროშენკო მიმართვაში ამბობს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა, უკვე მრავალი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას, შესაბამისად, მისი მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს.

პოროშენკო ასევე მიმართავს უკრაინის ხელისუფლებას, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველო გრუზიას ნაცვლად საქართველოდ მოიხსენიონ.

“ჩვენი პოლიტიკური პარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც რუსულ იმპირიალიზმს ეწინააღმდეგება და იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ. ახლა მოსკოვს უნდა, კიდევ ერთხელ ეკონომიკურად შეასუსტოს საქართველო, საჰაერო კომუნიკაციების დაბლოკვითა და საქართველოს ტურიზმისთვის ზიანის მიყენებით.

უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქართველი ძმები გასაჭირში. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ უკრაინელ ხალხს, რომ დაისვენონ უკრაინაში, მაგრამ მათ, ვინც აპირებდნენ სამოგზაუროდ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას, რეკომენდაციას ვაძლევ, რომ გეზი საქართველოზე აიღონ. მივმართავ უკრაინის ხელისუფლებასა და ინფრასტურქტურის სამინისტროს – ამ პერიოდისთვის აერონავიგაციისა და აეროპორტების მოსაკრებლის ღირებულება რეისისთვის უკრაინა-საქართველო-უკრაინა შეამცირონ. ავიაკომპანიებს შეეძლებოდათ ფასის დაკლებაც.

საქართველომ გააკეთა ის, რომ შეცვალა კიევის სახელწოდებაში ერთი ასო – რადგან ჩვენ ვართ Київ და არა Києв. ჩემი აზრით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები იმის შესაებ, რომ საქართველოს (Грузія- უკრაინულად) ოფიციალურად გადაერქვას Сакартвело.

ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ, ვინც, როგორც ჩვენ, უამრავი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას. საქართველოს მხარდაჭერა  უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს!“, – ამბობს პოროშენკო.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ “ტურისტული ემბარგო” ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. ბლოკადის საპასუხოდ ბიზნესისა და საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ინიციატივით გამოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი