ახალი ამბები

სასამართლომ პოროშენკოს გირაო არ შეუფარდა და შემზღუდავი ღონისძიებები დაუწესა

19 იანვარი, 2022 • 1451
სასამართლომ პოროშენკოს გირაო არ შეუფარდა და შემზღუდავი ღონისძიებები დაუწესა

კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს შეფარდების თაობაზე და პოროშენკოს დაუწესა შემზღუდავი ღონისძიება, დაავალდებულა რა ის, გამოცხადდეს სასამართლოში დაბარემისთანავე.

ასევე, სასამართლომ პოროშენკოსთვის პასპორტის ჩამორთმევის და ქვეყნის დატოვების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

უკრაინის პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს, რაც, პროკურატურის თანახმად, ქვანახშირის უკანონო გაყიდვის საქმეში მონაწილეობით გამოიხატა, რითაც ფინანსური სარგებელი მიიღეს ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტებმა.

პროკურატურამ პოროშენკოს დაკავების მოთხოვნით სასამართლოს შარშან, დეკემბერში მიმართა, მისი საბანკო აქტივები კი მანამდე, იანვარში გაყინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი