ახალი ამბები

პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა

17 იანვარი, 2022 • 1557
პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში ჩაფრინდა.

პოროშენკოს აეროპორტში საკუთარი მხარდამჭერები დახვდნენ და სოლიდარობის აქცია გამართეს.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მას აეროპორტში მესაზღვრეებმა პასპორტი წაართვეს და ცდილობდნენ ქვეყანაში არ შეეშვათ, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

მანამდე პოროშენკომ ვარშავიდან განაცხადა, რომ უკრაინაში, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, სამშობლოსთვის საბრძოლველად ჩადიოდა და არა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსისთან დასაპირისპირებლად.

უკრაინის პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს სამშობლოს ღალატში დებს ბრალს, რაც, პროკურატურის თანახმად, ქვანახშირის უკანონო გაყიდვის საქმეში მონაწილეობით გამოიხატა, რითაც ფინანსური სარგებელი მიიღეს ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტებმა.

პროკურატურამ პოროშენკოს დაკავების მოთხოვნით სასამართლოს შარშან, დეკემბერში მიმართა, მისი საბანკო აქტივები კი მანამდე, იანვარში გაყინა.


ფოტო გარეკანზე: პეტრო პოროშენკო თვითმფრინავში უკრაინაში გამგზავრებამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი