ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა ხანუქას დღესასწაული თბილისის სინაგოგაში აღნიშნა

16 დეკემბერი, 2014 • • 1198
ირაკლი ღარიბაშვილმა ხანუქას დღესასწაული თბილისის სინაგოგაში აღნიშნა

„გულითადად ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს. ეს უძველესი დღესასწაული სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ქართველებსა და ებრაელებს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობა. ეს არის მართლაც გამორჩეული ურთიერთიერთობა,“–განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში წელს საზეიმოდ აღინიშნა 26- საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით გაიხსნა საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ  მრავალსაუკუნოვან მტკიცე მეგობრობაზე ისაუბრა და მას სამაგალითო უწოდა. 

 

„26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე დაგვირგვინდა ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გახსნით, რომელიც დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე ძალისხმევით გარემონტდა  საქართველოში მოქმედი სინაგოგები. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა ქართულ–ებრაული ურთიერთობები. ჩვენი მთავრობა ამ გზას, ამ პოლიტიკას გააგრძელებს და ყოველთვის გვექნება განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი ძმების მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

სინაგოგაში პრემიერ–მინისტრთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანია და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი იმყოფებოდნენ. 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი