ახალი ამბები

გახარიას პირობებში დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩატარდება – გრიგოლ ვაშაძე

24 ივნისი, 2019 •
გახარიას პირობებში დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩატარდება – გრიგოლ ვაშაძე

“გაერთიანებული ოპოზიცია“  ამბობს, რომ “გამყალბებელი გახარიას პირობებში“ ნორმალური არჩევნები ვერ ჩატარდება.

გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ოპოზციიის განცხადება წაიკითხა, განმარტა, რომ ის, რაც დღეს მოხდა [პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაანონსება], ქართული საზოგადოების მონაპოვარია. რაც შეეხება უბარიერო სისტემას, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ვაშაძის თქმით, მათ ამ საკითხზე პირველ რიგში რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა აზრი აინტერესებთ.

“.. მაგრამ ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო გადაიქცეს სრულფასოვან, დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად, ჯერ არ დამთავრებულა. ამისათვის, გვინდა ჩვენი მოსაზრება გავუზიაროთ საზოგადოებას: უპირველეს ყოვლისა, უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებზე, რომლებმაც თავისივე პრემიერის განკარგულება დაარღვიეს და გაფრთხილების გარეშე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, გამოიყენა სპესაშუალებები, თან ისე, რომ ამან იმწუთასვე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე. გახარიას პირობებში, ნორმალური არჩევნების ჩატარება შეუძლებელი არის. ეს არის მთლიანად საზოგადოების მოთხოვნა და ამის კიდევ ერთი დასტური არის ავტომანქანების კოლონა, რომელიც ახლა შსს-თან იმყოფება“, – ამბობს ვაშაძე.

გარდა ამისა, “გაერთიანებული ოპოზიცია“ ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომელსაც სასამართლომ აქციის შემდეგ დაჩქარებული წესით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„მესამე – აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე. და მეოთხე – სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი იმისთვის, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები.

ასეთი პრინციპით დაკომპლექტეული კომისიებით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, საზოგადოების გახლეჩილობას ვერ აღმოვფხვრით და ვერ დავამთავრებთ იმ პოლარიზებას, რომელიც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, ჩამოყალიბდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ, სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ,“ – ამბობს ვაშაძე.

წაიკითხეთ ასევე:

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი