ახალი ამბები

აქციის მონაწილე: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომელმა შუა თითი გვიჩვენა

16 დეკემბერი, 2014 • • 1199
აქციის მონაწილე: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომელმა შუა თითი გვიჩვენა

აქციის მონაწილე მარიამ გურგენიძე ამბობს, რომ სააგენტოს თანამშრომელმა შენობიდან გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებს, რომლებიც სააგენტოსთან საყდრისში მიწის სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით მართავენ, შუა თითი აჩვენა. გურგენიძის თქმით, მას აქციის მონაწილეების გაღიზიანება სურდა, რადგან სწორედ იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც აქტივისტები იყვნენ კონცენტრირებული.

 

გურგენიძის თქმით, აქციის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მიმართეს. გურგენიძის თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეების მხრიდან ჩვენება აიღო, ხოლო სააგენტოს თანამშრომელს აქტი შეუდგინა. აქციის მონაწილეები სააგენტოს წინ აქციას 17:30 საათის შემდეგ მართავენ.

 

აქციების განახლება მოყვა კომპანია „არემჯიის“ მიერ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლებას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი