ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარება სქემაა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად:
“რეალურად, ესეც არის ძალიან დასაფიქრებელი, რას გამოიწვევს. რამდენიმე თვის წინ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური თანანმოაზრეები გვეუბნებოდნენ, რომ 2020-ში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გამოიწვევდა პოლიტიკურ ქაოსს. ახლა აცხადებენ, რომ პროპორციულზე გადავლენ და, ამავე დროს, გააუქმებენ ბარიერს.
მე ვფიქრობ, რომ ბევრი საკითხია, რომელზეც ჩვენ გვჭირდება ძალიან საფუძვლიანი მსჯელობა და დაფიქრება. არ არის გამორიცხული, რომ ეს არის სქემა, რომელიც არის შემუშავებული იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდეს ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა სხვა სისტემოთ და სხვა ფორმით”, – ამბობს სამადაშვილი.
დეპუტატის თქმით, მსგავსი მიდგომა ოლიგარქიული მმართველობისთვის არის დამახასიათებელი. სამადაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ინტერესშია, საკანონმდებლო ორგანოში ბევრი წვრილი მოთამაშე იყოს, რომელსაც “იაფად დაიმორჩილებს”:
“ივანიშვილის მთავარი ამოცანა არის რეალური ძალაუფლების შენარჩუნება. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა პარტიას, რომელიც მისი სახელით მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყანაში. მთავარია, ისინი ჰყავდეს კონტროლის ქვეშ. ეს არის ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემის ნიშანი. ნებისმიერი ოლიგარქისთვის კარგია, როდესაც არის ქაოსი, სადაც არის ბევრი წვრილი მოთამაშე.
იმიტომ, რომ ამ წვრილი მოთამაშეებს ოლიგარქები ძალიან იაფად იმორჩილებენ და რჩებიან ძალაუფლებაში. ივანიშვილის ამოცანა დღეს არის, გააქროს ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეები და დატოვოს სუსტი მოთამაშეები პოლიტიკურ ასპარეზზე. ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, ის, რაც დააანონსა მმართველმა პარტიამ, და გავცეთ პასუხი, გახარიასა და გომელაური გადადგომის გარეშე არ აქვს აზრი დიალოგის გაგრძელებას” ,- ამბობს დეპუტატი.
პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქციები 20 ივნისიდან იმართება. შეკრებილ მოქალაქეებს სამი მოთხოვნა აქვთ: 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, გიორგი გახარიას გადადგომა და 20 ივნისის ღამეს დარბევისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტრაბჭოს სხდომა გაიმართა. მმართველმა პარტიამ აქციის მონაწილეების მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.