“ქართული ოცნების” ლიდერებმა ცალსახად არ უპასუხეს კითხვას, გადადგება თუ არა შს მინისტრი გიორგი გახარია. გახარიას გადადგომა რუსთაველზე მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
დღეს “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას გადადგომის საკითხზეც ჰკითხეს, თუმცა ივანიშვილმა საპრესკონფერენციო დარბაზი ისე დატოვა, ამ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია.
გახარიას საკითხზე არც პრემიერ-მინისტრ მამუაკა ბახტაძეს უსაუბრია. კითხვას თავი რამდენჯერმე აარიდა კახა კალაძემაც. ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერს კითხვა რამდენჯერმე გაუმეორეს, რის შემდეგაც კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე “ამაზე საუბარი არ ყოფილა”.
“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა კი ამ კითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გახარიას პოლიტიკური პასუხისმგეობლობის საკითხს ვერ ხედავენ.
პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქციები 20 ივნისიდან იმართება. შეკრებილ მოქალაქეებს სამი მოთხოვნა აქვთ: 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, გიორგი გახარიას გადადგომა და 20 ივნისის ღამეს დარბევისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი