“ეკიპაჟს თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ყოფილი ცოლ-ქმარი დახვდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, აგრესიული ახალგაზრდა მამაკაცი ყოფილ მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. სამართალდამცველები მას მოუწოდებდნენ სიმშვიდისკენ და სთხოვდნენ შეეწყვიტა ქალბატონის შეურაცხყოფა. ამის მიუხედავად, მამაკაცი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, განაგრძობდა ყვირილს, იგინებოდა უცენზურო სიტყვებით როგორც მეუღლის, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ,”– ნათქვამია საპატრულო პოლიციის განცხადებაში.
საპატრულო პოლიციის ცნობით, პატრულის თანამშრომლებმა შემაკავებელი ორდერი გამოწერეს და მოძალადე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით დააკავეს.
