განცხადებაში ნათქვამია, რომ RMG Gold-ის მიერ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევას და ასევე, RMG Gold-ის მიერ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გარეშე მოწყობილი იყო გროვული გამოტუტვის საწარმოო უბანი, რის გამოც RMG Gold სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი.
“ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. აღნიშნულის მიუხედავად, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს RMG Gold-ის მიერ კვლავ განახლდა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები,”– ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, აპარატი სწავლობს „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერებისა და საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის საკითხს. საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და დასკვნას მოცემულ საკითხზე უახლოეს მომავალში გააცნობს საზოგადოებას.
საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.
13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.
დღეს კულტურის სამინისტროსთან საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტზე მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების შეჩერებისა და იქ არქეოლოგიური კვლევის გაგრძელების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართება.