ახალი ამბები

გაატარე ზაფხული საქართველოში – მოქალაქეები ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ერთიანდებიან

23 ივნისი, 2019 • 4377
გაატარე ზაფხული საქართველოში – მოქალაქეები ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ერთიანდებიან

მოქალაქეებმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” საჯარო ჯგუფი შექმნეს, რომლითაც საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანიის დაწყება და ქვეყნის პოპულარიზაცია სურთ. ინიციატივა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსაკენ ფრენა აუკრძალა.

“ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას, და გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia. კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia” – აცხადებენ ადმინისტრატორები.

ჯგუფის წევრთა რაოდენობა უკვე ათობით ათასია. ისინი უფასო საცხოვრებელსა და სხვა სერვისებს სთავაზობენ ადამიანებს, რომელთაც საქართველოში ვიზიტი სურთ, ასევე აზიარებენ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტომასალებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების შესახებ და ა.შ.


საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, “პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება.” “პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

გარეკნის ფოტო: Facebook/Nata Qveladze

“ტრაგედია არ მომხდარა” – მაია სიდამონიძე პუტინის ტურისტულ ემბარგოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი