ახალი ამბებიკომენტარი

“ტრაგედია არ მომხდარა” – მაია სიდამონიძე პუტინის ტურისტულ ემბარგოზე

22 ივნისი, 2019 • 4158
“ტრაგედია არ მომხდარა” – მაია სიდამონიძე პუტინის ტურისტულ ემბარგოზე

“ტრაგედია არ მომხდარა, ეს ისედაც მოხდებოდა. პირიქით, კარგია, რომ ახლა მოხდა, რადგან ბევრად უფრო მეტი დანაკარგები იქნებოდა მომავალში. გარკვეულწილად, ეს გამოფხიზლებაცაა: რუსეთმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ არასანდო პარტნიორია როგორც ეკონომიკურად, ისე ტურისტულად და მასზე დაყრდნობა იყო ძალიან დიდი შეცდომა.”, – ასე ეხმაურება ილიაუნის ბიზნეს სკოლის ტურიზმის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და სასტუმრო “ტერასის” მმართველი პარტნიორი მაია სიდამონიძე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რუსული ავიაკომპანიებისათვის საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ.

ვლადიმერ პუტინის ზემოაღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა კითხვები, როგორ აისახება რუსული ავიაკომპანიებისათვის დაწესებული ეს შეზღუდვა საქართველოს ტურიზმის სექტორზე და დადგება თუ არა ქართული ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. მაია სიდამონიძე მძიმე სცენარს არ ელის.

სიდამონიძე, რომელიც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელია, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ხაზს უსვამს დაბალ ხვედრით წილს რუსეთიდან შემოსული იმ ტურისტებისა, რომლებიც საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით მოემგზავრებიან. მაია სიდამონიძე ასევე აღნიშნავს ტენდენციასაც, როცა საქართველოს ტურიზმის სექტორი მეტად დამოკიდებული გახდა რუსეთის ბაზარზე, რომელიც სტაბილურობით არ გამოირჩევა.

“ზოგადად, პირდაპირი რეისებითა და საჰაერო მიმოსვლით რუსი ტურისტების მხოლოდ და მხოლოდ 20% შემოდის. დანარჩენები სახმელეთო ტრანსპორტით შემოდიან. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, რომ პირდაპირი რეისების არქონა გამოიწვევს რუსი ტურისტების გაქრობას საქართველოდან. ისიც მეეჭვება, რომ ყველა რუსი მოქალაქე თავისი პრეზიდენტის მოწოდებას ერთხმად დაუჯერებს.

ასევე, ძალიან დიდი ხანია ვამბობ და ბოლო წლების ტენდენციაა ის, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია საგრძნობლად გახდა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ეს არ იყო კარგი ტენდენცია. ნებისმიერი კაპიკი და მითუმეტეს, საბიუჯეტო სახსრები დახარჯული რუსულ ბაზარზე, იყო არამიზნობრივი, ერთი მხრივ პოლიტიკური პოლარობის გამო – ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის მტერი და ოკუპანტი – მეორე მხრივ, გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, რომ ეს არ არის სტაბილური და სანდო ბაზარი, რომელიც ყოველთვის მანიპულირებდა ღვინის საკითხით, ასევე სხვადასხვა ემბარგოთი და ა.შ. ასე რომ, ამაში მოულოდნელი არაფერია. მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი ამას გამოიყენებდა და გამოიყენა კიდევაც”, – აღნიშნავს ის.

მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის შეზღუდვა გარკვეულწილად უარყოფითად აისახება ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანებზე, თუმცა მეორე მხრივ, სახელმწიფოს უბიძგებს, ტურისტული პროდუქტის სტანდარტი გააუმჯობესოს და სხვა ტურისტული ბაზრებიდან ნაკადის გაზრდაზეც იმუშაოს.

“რა თქმა უნდა, მოკლე ვადაში ეს აისახება განსაკუთრებით იმ ადამიანებსა და ბიზნესებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ რუს ტურისტებზე მუშაობდნენ. თუმცა მომავალში, გრძელვადიანად, ეს არის კარგი. როგორც ღვინის ხარისხი დაიხვეწა და მოხდა საექსპორტო ბაზების დივერსიფიცირება, იგივე მოხდება ქართული ტურისტული პროდუქტის ხარისხში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომავალში უფრო მრავალმხარჯველიანი ტურისტები ჩამოვიყვანოთ დივერსიფიცირებული ბაზრებიდან. რომელიმე ერთი ქვეყანაზე ან ბაზარზე დამოკიდებულება ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, სულაც რუსეთი რომ არ იყოს.

…დღეს ვფიქრობ, რომ ტურიზმის ინდუსტრია და კერძო სექტორი უკვე იმდენად ძლიერია, რომ ყველანი ერთად ნამდვილად შევძლებთ, ეს პრობლემა მოკლე ვადაში გადავლახოთ. რა თქმა უნდა, ამაში სახელმწიფომ დახმარებაც იქნება საჭირო, რომ მარკეტინგული აქტივობა მიმართული იყოს სხვადასხვა, განსაკუთრებით, ახალ ბაზარზე”, – დასძენს ის.

სიდამონიძე ხაზს უსვამს კიდევ ერთ დეტალს: მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან შემოსული ტურისტები, შესაძლოა, რაოდენობით ჭარბობდნენ სხვებს, მხარჯველუნარიანობით ისინი მოწინავე პოზიციებზე არ დგანან:

“ის რუსები, რომლებიც დღეს შემოდიან საქართველოში, შეიძლება, რაოდენობით ჭარბობენ სხვა ქვეყნებს, თუმცა მხარჯველუნარიანობის მხრივ, ათეულშიც კი თითქმის არ შედიან. ევროპელი ტურისტების დანახარჯი ბევრად უფრო მაღალია. როცა ვამბობთ, რომ დღეს მსოფლიოში ყველას უნდა რუსი ტურისტი, ეს არის მცდარი, რადგან ნახა თურქეთმაც, ნახა ეგვიპტემაც და ნახეს სხვა ქვეყნებმაც, რომ რუსეთის ტურისტული ბაზარი არის არასტაბილური”.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი იმ გზებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას პუტინის გადაწყვეტილების თანმდევ სირთულეებს ააცილებს. მისი თქმით, პროცესში აუცილებელია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ჩართულობა.

“თუ კერძო და საჯარო სექტორი გაერთიანდება და ფოკუსირება გვექნება მაქსიმალურად ბაზრების დივერსიფიცირებაზე და მასშტაბურ მარკეტინგულ აქტივობებზე სხვადასხვა ქვეყნებში, ვფიქრობ, რომ ამ რაოდენობების ჩანაცვლება შეიძლება. თუნდაც, ბევრად ნაკლები რაოდენობით შემოვიდნენ სხვები, ვიდრე რუსი ტურისტები შემოდიან, მაგრამ ორჯერ მეტად მაღალმხარჯველიანი, ესეც ნამდვილად მიზანშეწონილია. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობებზე, ვფიქრობ, არ არის სწორი, რადგან საქართველოს ტურისტული ინდუსტრია გადავიდა განვითარების შემდგომ ეტაპზე, სადაც რაოდენობები მხარჯველუნარიანობაზე ნაკლებად პირორიტეტულია.

მოკლე ვადაში ჩვენ ვნახეთ ინტერნეტ სივრცეში თვითონ ქართული მოსახლეობის ძალიან კარგი ინიციატივები, როგორიცაა შიდა ტურიზმის წახალისება და მოწოდებები, რომ თუნდაც ამ სეზონზე, მაქსიმალურად იმოგზაურონ საქართველოს შიგნით. შიდა ტურიზმი ბევრად უფრო სტაბილურია ასეთი სიტუაციების დროს. ასევე მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ჩვენი საკადრო კაპიტალი, რომელიც საზღვარგარეთაა და რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ სიტუაციაში უარს არ იტყვიან, გარკვეულწილად, ქვეყნის ელჩები გახდნენ და მაქსიმალურად გაუწიონ პოპულარიზაცია ქვეყანას. საჭიროა საელჩოების მობილიზებაც, დაახლოება იმ მიზნობრივ ქვეყნებთან, საიდანაც შეიძლება მოკლე ვადაში, თუნდაც ამ სეზონზევე მოვიზიდოთ მეტი ტურისტი”, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი