ახალი ამბები

“მგორავი ქვები საყდრისიდან” – აქცია კულტურის სამინისტროს კართან

15 დეკემბერი, 2014 •
“მგორავი ქვები საყდრისიდან” – აქცია კულტურის სამინისტროს კართან

აქცია სახელწოდებით “მგორავი ქვები საყდრისიდან” კულტურის სამინისტროს შენობის წინ 17:45 საათზე დაიწყება. აქცია-პერფორმანსის იდეა შემდეგია: აქციის მონაწილეები საყდრისიდან წამოღებულ ქვებს სამინისტროს შესასვლელთან დააწყობენ და სამინისტროს თანამშრომლებს შეახსენებენ თავიანთ პასუხისმგებლობას საყდრისის საკითხის მიმართ, ამბობენ აქციის მონაწილეები.

 

“საყდრისს ანგრევენ, აფეთქებენ. უგულებელყოფენ საერთასორისო სამეცნიერო წრეთა აზრს. კარგავენ ამ ძეგლის მნიშვნელობას რეგიონის განვითარებისთვის და ფიქრობენ, რომ რამდენიმე სახელდახელოდ შეთხზული და გასაიდუმლოებული ბრძანების და დასკვნის საფუძველზე განხორციელებული აფეთქებით დასრულედება ეს ისტორია.

საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს მნიშვნელობის ფალსიფიცირება და ერის იდენტობისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლის განადგურება ტვირთად ექცევათ ჩინოვნიკებს, ვინც საზოგადოებრივი ინტერესი ერთი ჯგუფის ფინანსურ ინტერესებს შესწირა. ტვირთად, რომელიც დიდხანს უნდა ზიდონ !

საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის აფეთქებით არაფერი სრულდება. არამედ იწყება მოძრაობა ქვეყნის კულტურის პოლიტიკის და ქვეყნის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფუნდამენტური შეცვლის მიზნით.

საყდრისის მგორავი ქვები არის სიმბოლო იმისა, რომ საყდრისის ისტორია დიდხანს გაგორდება ყველა იმ ჩინოვნიკის კარიერის კვალდაკვალ, რომლებმაც დანაშაულებრივ პროცესში მიიღეს მონაწილეობა. პირველ რიგში კი, მიხეილ გიორგაძის, ალექსანდრე მარგიშვილის და ნიკოლოზ ანთიძის კვალდაკვალ!” – წერია ფეისბუქის გვერდზე.

 

3 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014
საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი