კიევიდან ტურისტების ჩამოსაყვანად მზად ვარ, ჩარტერული რეისები დავაფინანსო – ხაზარაძე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაძარაძე აცხადებს, რომ მზად არის “აირზენას” 10 ჩარტერული რეისი კიევიდან თბილისის მიმართულებით დააფინანსოს, რათა უკრაინელმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლა შეძლონ.

ხაზარაძე ასევე მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, რუსულ ავიაკომპანიებისთვის  საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვაზე, ქართულ ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედებს.

“მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “აირზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!” -წერს ხაზარაძე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთსი ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

საქართველოსთან ავიამიმოსვლის გაუქმება უკავშირდება თბილისში 20 ივნისს დაწყებულ ანტიპუტინურ აქციებს, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენებას ითხოვენ.

როგორ მოვხვდეთ საქართველოში – დამოუკიდებელი რუსული მედია რუსებს გამოსავალს სთავაზობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.