ახალი ამბები

პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა

21 ივნისი, 2019 • 3047
პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

რუსეთის მთავრობას დაევალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით უზრუნველყოს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

თბილისში განვითარებული მოვლენები, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, განიხილეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

“ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიული პროვოკაცია რუს დეპუტატებთან მიმართებაში შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, ექსტრემისტებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან ან იქ იმყოფებიან”, – ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმაც. მისი თქმით, “რუსულმა მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს თბილისის არეულობის გამოძიებასა და მის მხარდამჭერთა გამოვლენაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი