ახალი ამბები

საპატრიარქო: როგორ შეიძლებოდა საყდრისის დანგრევაზე ნებართვა კულტურის სამინისტროს გაეცა

14 დეკემბერი, 2014 •
საპატრიარქო: როგორ შეიძლებოდა საყდრისის დანგრევაზე ნებართვა კულტურის სამინისტროს გაეცა

“კომპანია ,,RMG GOLD“- ის მიერ საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი  შეშფოთება გამოიწვია. როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება, ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც ეს სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს (რომ აღარაფერი ვთქვათ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე), – გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს.

        

თუ საყდრისი არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, მაშინ შესაბამის სტრუქტურებს უნდა ჩაეტარებინათ ახსნა-განმარტებითი საუბრები, რომ ხალხი დაერწმუნებინათ თავის სიმართლეში და შემდეგ განეხორციელებინათ ნებართვის გაცემაც და აფეთქებებიც.

       

არასწორად მიგვაჩნია საყდრისის ერთი ბორცვის (კვლევის სფერო 1 ჰა) აუთვისებლობის მიზეზით ,,RMG GOLD“-ში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაც, რაც, ფაქტიურად, ჩვენთვის ცნობილი მთავარი მიზეზი  გახდა  საყდრისის იავარქმნისა.

      

ამ ადგილის თაობაზე შეფასებები საბოლოოდ დამტკიცებული რომც არ ყოფილიყო, კომპანიას, რომელსაც აქვე აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოპოვებისათვის, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა ხალხი უხელფასოდ არ დარჩენილიყო და, სხვა თუ არაფერი, თავისი თავისთვისაც პრობლემები არ შეექმნა.

      

დღეს კი შედეგად გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედება. საქართველოს ეკლესია გამოთქვამს დიდ წუხილსა და გულისტკივილს მომხდარის გამო”, – აცხადებს საპატრიარქო.

 

ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ საპატრიარქო ემიჯნება საყდრისში მომხდარ აფეთქებას და ხელისუფლებას მოუწოდა გამოიძიონ მომხდარი და დასაჯონ ის ადამიანები, ვინც მაღაროში “აფეთქება მოაწყო”.

 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

საპატრიარქო
საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი