ახალი ამბები

ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში იწვევს

22 ივნისი, 2019 • 1569
ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში იწვევს

საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში ეპატიჟება. მან შესაბამისი მიმართვა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.

“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას!
შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები!
ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა!
დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!” – წერს მომღერალი.

ანიტა რაჭველიშვილმა მიმართვა ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნა.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

თბილისში განვითარებული მოვლენები, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, განიხილეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზეც.

პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა

მასალების გადაბეჭდვის წესი