ახალი ამბები

ანა დოლიძე იურისტების სოლიდარობის ჯგუფს ქმნის 20 ივნისის დარბევისას დაკავებულთა მხარდასაჭერად

22 ივნისი, 2019 • 2265
ანა დოლიძე იურისტების სოლიდარობის ჯგუფს ქმნის 20 ივნისის დარბევისას დაკავებულთა მხარდასაჭერად

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იურისტებს იწვევს სოლიდარობის ჯგუფში, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულებს დაეხმარება. მისი თქმით, მოხალისე ადვოკატები სასამართლო პროცესებზე ივლიან და კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ყურადღების მობილიზებას შეეცდებიან.

ანა დოლიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ბოლშევიკურს უწოდებს იმ პრაქტიკას, რომლითაც სასამართლო აქციაზე დაკავებულთა საქმეებს განიხილავს.

“ამ 305 დაკავებულიდან ზოგი დაპატიმრებულია, ზოგი გაშვებულია, ზოგის სხდომა გადადებულია. გვყავს 305 მებრძოლი, რომლებიც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანჭებში მოხვდნენ, მას შემდეგ რაც გახარიამ ისინი მოიშორა. რაც მე გუშინ ვიხილე საქალაქო სასამართლოში, ეს იყო თავიდან ბოლომდე საბჭოთა დროის, ბოლშევიკური სასამართლო პროცესები.

მას შემდეგ, რაც იქ მივედი, საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ამის მერე მყისიერად შეიცვალა დამოკიდებულება. მაგალითად, 2 ძმა იყო დაჭერილი – დათო და ირაკლი ხვადაგიანები – ერთი და იგივე დროს. ირაკლი ჩატოვეს, დათო კი გამოუშვეს. რატომ? – იმიტომ, რომ ადვოკატთა მთელი კორპუსის მობილიზება მოხდა”, – აცხადებს ის.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი აღწერს, როგორ შეუფარდეს 9-დღიანი პატიმრობა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც, ძმის – დავით ხვადაგიანის -მსგავსად აცხადებს, რომ აქციაზე დაკავებისას პოლიციამ სცემა.

“ქარხნული წესით, ერთი და იგივე ბრალდებით, მტკიცებულებების გარეშე [უფარდებდნენ ადამიანებს სასჯელს]. არც მოწმე იყო. მერე უკვე, როცა საჯაროდ, ტელევიზიით დაისვა საკითხი, დაიწყეს პროცესების გადადება მტკიცებულებების არქონის გამო. კონკრეტულად ირაკლი ხვადაგიანი გაასამართლეს და პატიმრობა ისე მიუსაჯეს, რომ არ ჰქონდათ არავითარი მტკიცებულება. პოლიციელიც კი, რომელიც პროცესზე იმყოფებოდა, ამბობდა, რომ მე არ დამიკავებია და არ დამინახავს, როგორ იგინებოდაო”, – ყვება ანა დოლიძე.

მისივე განცხადებით, სოლიდარობის ჯგუფი უკვე კომპლექტდება, მისი წევრები დაკავებულთა პროცესებს დაესწრებიან, დააკვირდებიან და შესაბამის ცნობებს მიიტანენ საზოგადოებამდე:

“ჩვენი მიზანია, გამოვუცხადოთ მათ საზოგადოებრივი გვერდში დგომა პროცესებზე დასწრებით, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, დარღვევების გამოაშკარავებით და ინფორმაციის მოგროვებით.  ვივლით პროცესებზე და საზოგადოებრივი ყურადღების მობილიზებას მოვახდენთ. ამ ხალხის მიტოვება მიხეილ ჩინჩალაძის ხელში არ შეიძლება. ჩვენ მათ დავუდგებით გვერდში. ისინი ხომ პირველ რიგში ჩვენს გამო დაიჭირეს, ოკუპაცია ჩვენი საქმე არ არის?”


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტს მოჰყვა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი