ახალი ამბები

გვერდები ჩალეწილი აქვს, ცალ ყურში არ ესმის, ვერ დადის – აქციაზე დაკავებული ამბობს, რომ პოლიციამ სცემა

21 ივნისი, 2019 • 2642
გვერდები ჩალეწილი აქვს, ცალ ყურში არ ესმის, ვერ დადის – აქციაზე დაკავებული ამბობს, რომ პოლიციამ სცემა

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი და ისტორიკოსი დავით ხვადაგიანი, რომელიც თბილისში, 20 ივნისის აქციის დარბევისას დააკავეს, ამბობს, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ “ფეისბუქზე” მისმა თანამშრომელმა, დავით ჯიშკარიანმა დაწერა.

“დარეკა დათო ხვადაგიანმა. არ ესმის ცალ ყურში. ვერ დადის რადგან ცალი ფეხი დუბინკებით და ფარის ცემისგან დაზიანებული აქვს. გვერდები ჩალეწილი მაქვსო. სასამართლო ჯერ არ გამართულა. მხოლოდ ახლა დაარეკინეს დილიდან დაკარგულს”, – წერს ის.

დავით ხვადაგიანის სასამართლო პროცესი ჯერ არ ყოფილა. თუმცა, 9-დღიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს მის ძმას – ასევე “სოვლაბის” მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს, ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ირაკლი ხვადაგიანი, ძმის მსგავსად აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სცემეს. შესაბამისი ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

 მთავარი ფოტო: დათო ხვადაგიანის ფეისბუქიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი