ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება დიპლომატებთან ერთად განიხილა

22 ივნისი, 2019 • 951
ზურაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება დიპლომატებთან ერთად განიხილა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

“როგორც პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შესამცირებლად მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომელსაც არა აქვს დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოწოდებები და იდეები”, – აღნიშნავს პრესსამსახური.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რეგიონში “სტაბილურობის კერას” წარმოადგენს და “შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია”.


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტს მოჰყვა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი