ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კრიმინალი ყარაბაღში, სადაც “კანონიერი ქურდები” არ არიან

13 დეკემბერი, 2014 • • 1115
კრიმინალი ყარაბაღში, სადაც “კანონიერი ქურდები” არ არიან

სტეპანაკერტის ცენტრი
სტეპანაკერტის ცენტრი

დანაშაულის დონე ციფრებში – ოფიციალური სტატისტიკა

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2014 წლის 9 თვეში რესპუბლიკის ტერიტორიაზე 291 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 17.3%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ოდნავ შემცირდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი: 2013 წელს იყო 95.3%, ხოლო 2014-ში – 93.2%-ია.

 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტები: თუკი გასულ წელს 7 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, წელს მისი რაოდენობა 4-მდე შემცირდა. 2014 წლის 9 თვეში ყარაბაღში რეგისტრირებულია მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის თითო-თითო შემთხვევა. საერთოდ არ დაფიქსირებულა გაუპატიურების ან მისი მცდელობის შემთხვევები.

 

მიმდინარე წლის გასულ 9 თვეში რეგისტრირებულია 36 მძიმე დანაშაული (2013 წელს – 46), საშუალო სიმძიმის 116 დანაშაული (2013 წელს – 157), 135 – მსუბუქი დანაშაული (2013 წელს – 142).

 

დაფიქსირებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული 86 დანაშაული და საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 97 შემთხვევა. პროკურატურაში განსაკუთრებით გამოყოფენ ქურდობის ფაქტებს, რომლის რაოდენობაც 21 ასეთი შემთხვევით გაიზარდა (2014 წელს დაფიქსირდა ქურდობის 88 ფაქტი, ხოლო 2013 წელს – 67).

 

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წელთან შედარებით შემცირებულია ნარკოდანაშაულის დონე. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ამ სფეროში ასევე შეინიშნება შემცირების ტენდენცია:

 

კერძოდ, 2014 წლის 9 თვეში რეგისტრირებულია ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის 277 შემთხვევა, რაც 19-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, 3-ით ნაკლები ფაქტი დაფიქსირდა ნარკოტიკების რეალიზაციის მიზნით შენახვის (2014 წელს – 1 ფაქტი, ხოლო 2013-ში – 4).

 

ნარკოტიკებთან ბრძოლა მთავრობას ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აქვს გამოცხადებული: ის ყოველი წლის ბოლოს ადგენს წლიური ღონისძიებების გეგმას, რომლის თანახმადაც პოლიცია აწარმოებს ბრძოლას ნარკომანიასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.

 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

 

კორუფციული დანაშაულებიდან ყველაზე გავრცელებული ფორმა ყარაბაღში მექრთამეობა იყო და ის განსაკუთრებით 2007 წლამდე ჰყვაოდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა   სასასამართლო სისტემა, ჯანდაცვა, სახელმწიფო უნივერსიტეტი და საგზაო პოლიცია. რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაკო სააკიანს, რომელმაც ეს პოსტი თავდაპირველად 2007 წელს დაიკავა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად აქვს გამოცხადებული. შედეგად, ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა სასამართლოებში, სადაც ქრთამის აღებისა და მიცემის შემთხვევებზე მოქალაქეები უკვე აღარ საუბრობენ.

 

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯერ კიდევ არიან მძღოლები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ საგზაო პოლიციელები იღებდნენ ქრთამს და არ უწერდნენ მათ მაღალ ჯარიმებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. მიუხედავად ამისა, ვითარება ამ მხრივაც გაუმჯობესებულია, რადგან საგზაო პოლიციელები მძღოლებს უკვე უმიზეზოდ აღარ აჩერებენ და არ თხოვენ ფულს.

 

იმის მიუხედავად, რომ რესპუბლიკის მაღალჩინოსები ხშირად აცხადებენ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესის შესახებ, ქვეყანაში მაინც აქვს ადგილი ასეთ შემთხვევებს. პროკურატურის მონაცემებით 2014 წლის 9 თვეში რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იქნა კორუფციული ხასიათის 14 დანაშაული (გასულ წელს 25 ფაქტი დაფიქსირდა). აქედან 6 ფაქტი დაფიქსირდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, 4 – განათლების სფეროში, 2 – პოლიციის სისტემაში, თითო-თითო ეკონომიკის და ნოტარიალურ სფეროებში.

 

ვინ ჩადის, ძირითადად, დანაშაულს?

 

სტატისტიკური მონაცემები საინტერესო სურათს ქმნის იმ პირთა შესახებ, რომლებიც დანაშაულს ჩადიან. როგორც ირკვევა, გასული წლის 9 თვეში რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენისთვის მხილებულია 205 კაცი და 18 ქალი.

ძირითადად კი, დანაშაულს ჩადიან 30-49 წლის ადამიანები, მათ მოსდევს 25-29 წლის მოქალაქეები და შემდეგ – 50 და მეტი ასაკის ადამიანები.

 

დანაშაულის ჩამდენთა უდიდესი ნაწილი საშუალო განათლების მქონეა. ასევე, მათი უმრავლესობა უმუშევარია.

ოფიციალური მონაცემებით, იმ პირთაგან, რომლებმაც 2014 წელს ჩაიდინეს ყარაბაღში დანაშაული, 184 არის ყარაბაღის მოქალაქე, 35 – სომხეთის მოქალაქე, 3 – უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1 – მოქალაქეობის არმქონე პირი.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი