ახალი ამბები

სიტუაციის უმართაობამ აიძულა სამართალდამცველები, მკაცრი ზომებისთვის მიემართათ – პრეზიდენტი

21 ივნისი, 2019 • 799
სიტუაციის უმართაობამ აიძულა სამართალდამცველები, მკაცრი ზომებისთვის მიემართათ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გულისტკივილი გამოხატა თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

“დაშავდნენ ადამიანები – ზოგიერთი იმიტომ, რომ სახელმწიფოში წესრიგს იცავდა; ზოგიერთი – იმიტომ, რომ საკუთარი და ქვეყნის ღირსების დასაცავად იყო გამოსული და შემდეგ უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდა; ზოგიერთი კი იმიტომ, რომ აჰყვა პოლიტიკურად მოტივირებულ, სრულიად უგუნურ და დამღუპველ მოწოდებებს. ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა – პოლიციელი თუ რიგითი მოქალაქე – ქუჩაში იდგა თავისი ქვეყნისთვის. ყველა საქართველოს შვილია და ძვირფასია. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს: „კმარა, დღემდე რა მსხვერპლიც გავიღეთ საქართველოს შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიების გამო!“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, უდიდეს თანადგომას უცხადებს ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია.

“ეს არ არის მათი პირადი ტრაგედია. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია”, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და პოლიციელებს, რომლებიც, მისი თქმით, ბოლო შესაძლებლობამდე ეცადნენ, მოქალაქეებისთვის სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის საშუალება მიეცათ.

“სამწუხაროდ, პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის. მათ ევალებათ სახელმწიფოს დაცვა საფრთხისგან, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რამდენიმე წუთში ვინახულებ საავადმყოფოებში. საჭიროა თითოეული შემთხვევის მიუკერძოებელი გამოძიება და კანონის ჩარჩოებში რეაგირება. რა თქმა უნდა, ჩემი გულისტკივილის გამოხატვა სრულიად არ არის საკმარისი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ერთი მხრივ, ხელისუფლება და, კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე და უკვე ვნახეთ, რომ მან არ მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას. ეს პირობა გუშინწინ და გუშინ დაირღვა, რის შედეგადაც მივიღეთ მართლმადიდებლური ასამბლეის გაუმართლებელი მოწვევა, სრულიად მიუღებელი ფორმატი და რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მომხდარმა უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და გამოიწვია მთელი ერის პროტესტი და
არ არის გამორიცხული, რომ ამ მოვლენების განვითარებაში გარკვეული პროვოკაციების ნიშნები იყოს, მაგრამ ეს ვერ იქნება პასუხისმგებლობის შემცირების მიზეზი.

“პასუხისმგებლობის აღებაში იგულისხმება მოვლენათა მთელ ჯაჭვზე განმარტების გაკეთება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ველოდები, რომ ხელისუფლება ამ ტრაგედიას სწორად შეაფასებს და ყველაფერს პასუხი გაეცემა. მეორე მხრივ, აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა. ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა – გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას ძალიან დიდი სიფრთხილე მოეთხოვება.

“დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ ხელისუფლებად, პოლიციელებად, პარტიებად და რიგით მოქალაქეებად. ეს არის საერთო ტრაგედია. ახლა მთავარია, გვეყოს ძალა ჩვენს თავში, ამ ტრაგედიამ არ გაგვტეხოს და მთავარი გზიდან არ გადაგვახვევინოს. მოვუწოდებ საზოგადოებას დამშვიდებისკენ. არ წამოვეგოთ ახალ პროვოკაციებს, არ ავყვეთ დესტრუქციულ მოწოდებებს. მე მჯერა თქვენი გონივრული გადაწყვეტილების. მე მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


რა მოხდა

ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი