ახალი ამბები

უცნობია, დაშავებულს მხედველობა შეუნარჩუნდება თუ არა

21 ივნისი, 2019 • 808
უცნობია, დაშავებულს მხედველობა შეუნარჩუნდება თუ არა

აქციაზე ერთ-ერთი დაშავებულს, დემეტრე ნაყოფიას, უკვე რამდენიმე საათია, თვალზე ოპერაციას უკეთებენ.

როგორც ნეტგაზეთს მისმა მეგობრებმა უთხრეს, რომლებიც კლინიკაში იმყოფებიან, იგი თავდაპირველად ალადაშვილის კლინიკაში იყო, თუმცა დილის საათებში რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მათი ინფორმაციით, დემეტრე ნაყოფიას ექიმებმა თვალის შენარჩუნება მოუხერხეს, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეუნარჩუნდება თუ არა მხედველობა. ქირურგიული ჩარევა გრძელდება.

ნეტგაზეთს კლინიკის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ უთხრა, ამ კლიიკაში გადაყვანილი 84 ადამიანიდან ერთ-ერთს, რომელიც ოფთალმოლოგიურ ჩარევას საჭიროებდა, ოპერაციას ახლაც უკეთებენ. მისი თქმით, დაზიანება არ არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ხოლო ოპერაციული ჩარევის “პროგნოზი წინასწარ განუსაზღვრელია, თუმცა არის სტაბილურად”.

რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ნახეთ ასევე:

აქციაზე დაშავებულ პირს თავზე ოპერაცია გაუკეთეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აქციაზე დაშავებულ პირს თავზე ოპერაცია გაუკეთეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი