ახალი ამბები

აქციაზე დაშავებულ პირს თავზე ოპერაცია გაუკეთეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

21 ივნისი, 2019 • 1337
აქციაზე დაშავებულ პირს თავზე ოპერაცია გაუკეთეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მძიმეა აქციის დარბევის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ვინაობის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მას დაზიანება თავის არეში აქვს და  ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში  ოპერაცია გაუკეთეს.

კლინიკის ექიმის, ლევან ბესელიას განცხადებით,  პაციენტს თავის ტვინის ტრავმა აქვს.

“პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ამ ეტაპზე მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება არ არის, თუმცა არის ძალიან მძიმე ტრავმა, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში ნებისმიერი პაციენტის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს,”  – აღნიშნავს ბესელია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაშავებულის იდენტიფიცირება ვერ ხდება,რადგან თან არანაირი საბუთი არ ჰქონია.

კითხვას, პაციენტი კომაშია, თუ არა, ექიმი პასუხობს:

“პაციენტი იმყოფება პოსტნარკოზულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე შეუძლებელია სრულყოფილად შეფასდეს იმყოფება თუ არა კომატოზურ მდგომარეობაში. ”

აქციის დარბევის შემდეგ, ალადაშვილის კლინიკაში 28 პაციენტი შეიყვანეს. მათგან სამს თავის ტრავმა აღენიშნებოდა.

რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი