ახალი ამბებიკომენტარი

თინა ხიდაშელი: გახარიას თანამდებობიდან წასვლა გარდაუვალია

21 ივნისი, 2019 • 2813
თინა ხიდაშელი: გახარიას თანამდებობიდან წასვლა გარდაუვალია

„გახარიას თანამდებობიდან წასვლა გარდაუვალია,“ – ასეთია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მოლოდინი გუშინ, 20 ივნისს პარლამენტში დაწყებულ პროცესებზე. თინა ხიდაშელი „გუშინდელ ნიუსს“ უწოდებს ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებას. მისი აზრით, ხელისუფლებას დაკარგული აქვს „ყველაზე მთავარი – გარდაუვალის ადეკვატური შეფასების უნარი“.

„კობახიძის თანამდებობიდან წასვლა, რა თქმა უნდა, იყო დაგვიანებული პასუხი. ეს იყო განცხადება, რომელიც გუშინ ამ დროს უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“ იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ის კოშმარი, რაც ვნახეთ. როცა ხელისუფლებას აბსოლუტურად გარდაუვალის მოლოდინი არა აქვს, მაშინ არის ქვეყანაში კრიზისი. ზუსტად ამ ჩიხში შევედით მორიგ ჯერზეც.

არსებობს გარდაუვალი ამბები, რომლებიც აუცილებლად ხდება, როცა ხელისუფლება ადეკვატურობას კარგავს. ზუსტად ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილი არის პატიმრობაში, გახარიასაც ანალოგიურად მოუწევს პასუხისმგებლობა რამდენიმე წელიწადში. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება არის იმ მდგომარეობაში, რომელიც „როდიონოვის ღამეს“ არ აპატიებს საკუთარ ხელისუფლებას,“ – გვითხრა თინა ხიდაშელმა.

„გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო,“ – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქზე. მას ვკითხეთ, რა აჩვენა მისთვის პოლიციის ძალის გამოყენებამ 20 ივნისს ღამეს და მაშინაც, როცა აქციის მონაწილეები თითქმის დაშლილი იყვნენ.

თინა ხიდაშელი: „ორი ვარიანტია – ან სპეცრაზმელებს ეს დავალება ჰქონდათ, ან ეს არის ჩვევა, რომელიც ვერ მოიშალეს… ნებისმიერ შემთხვევაში, დანაშაული მოხდა. სააკაშვილი მართლაც უფრო მორალურად მართალი გამოჩნდა, რადგან მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა მეორე დილითვე აიღო, მაშინვე გადადგა და ეს ხელისუფლება ისევ კუკუ-დამალობანას გვეთამაშება.

მარტივია იმის გაგება, რომ ძალის გადამეტება არის მაშინ, როცა პოლიცია იყენებს ძალას იმის წინააღმდეგ, ვინც მყისიერ საფრთხეს არ წარმოადგენს. როდესაც მომიტინგე ტოვებს პოლიციის შეფასებით, დანაშაულის ადგილს, იმასთან თუ მიხვედი ისევ, თავად ხარ მოძალადე და დამნაშავე. ამ დროს არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი მანიფესტანტების მხრიდან“.

რა ვერ გათვალა ხელისუფლებამ, როცა პარლამენტის ტრიბუნა რუს დეპუტატს დაუთმო? – თინა ხიდაშელი თვლის, რომ ხელისუფლება ამ ძალის საზოგადოებრივ პროტესტს არ ელოდა.

„ისინი არც დაფიქრებულან, როცა ეს ამბები მოხდებოდა. ეგონათ, რომ პირობითად ხუთი-ექვსი კაცი გააპროტესტებდა და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. მე გულწრფელად მჯერა, რომ თავადაც შოკში ჩავარდნენ და არანაირი მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ ხალხი ამ თემაზე სენსიტიურია, რადგან თავად ხელისუფლება არ არის სენსიტიური. მე იმასაც ვწერდი პოსტში, ვინც არ უნდა გადადგეს ახლა, რა აზრი უნდა ჰქონდეს-მეთქი. ასე ერთი კაცი 2013 წელს გადადგა და აღარ არის ფორმალურად ხელისუფლებაში, მაგრამ ვიცით მისი გავლენა. მთავარია, სიმბოლოების დონეზე მაინც შეეძლოთ ამ აქტის განხორციელება,“ – აღნიშნა თინა ხიდაშელმა „ნეტგაზეთთან“ საუბრის დროს.

—————–

ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი