ახალი ამბები

აშშ-ის სენატი შეთანხმდა, რომ 2015 წელს საქართველოს თანხებს გამოუყოფს

11 დეკემბერი, 2014 •
აშშ-ის სენატი შეთანხმდა, რომ 2015 წელს საქართველოს თანხებს გამოუყოფს

2015 ფისკალური წლის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების ასიგნებების ნაწილში, საგარეო სამხედრო დაფინანსების (Foreign Military Financing – FMF) პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ აშშ დოლარი.

 

„ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის“ (European Reassurance Initiative – ERI) ფარგლებში კი 57 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის დახმარების გაზრდის მიზნით. დამატებით 25 მლნ დოლარია გათვალისწინებული ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერისთვის.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით, ERI-ის ფონდიდან საქართველოსთვის კონკრეტული რაოდენობა არ არის გამოყოფილი, თუმცა, ERI-ის ფარგლებში, ჯამში, გამოყოფილია 810 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შემდგომი დესტაბილიზაციის შეკავებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების, რეგიონში ყოფნის, მზაობისა და რეაგირების გაზრდის მხარდაჭერას.

 

2014 წლის 10 დეკემბერს აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიაღწიეს შეთანხმებას 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონმდებლობა წარმოადგენს 2013 წელს მიღებული ორპარტიული საბიუჯეტო აქტის ფარგლებში ფედერალური მთავრობის ხარჯების გეგმას 2015 წლის 30 სექტემბრამდე, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტს, მას შემდეგ, რაც პაკეტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი დაამტკიცებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

აშშ-ს კონგრესი
აშშ-ს კონგრესი

მასალების გადაბეჭდვის წესი