ახალი ამბები

ზურაბიშვილი ბელორუსში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება

21 ივნისი, 2019 • 804
ზურაბიშვილი ბელორუსში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება

თბილისში 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს პრეზიდენტი ბელორუსში ვიზიტს წყვეტს და თბილისშუი ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი მინსკში ევროპის თამაშებზე დასასწრებად იმყოფებოდა.

“ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც გავეცნობი ადგილზე სიტუაციას. ასევე დაზარალებული ადამიანების შესახებ გავეცნობი ინფორმაციას, ეს არის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი”, – ამბობს ის.

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.


ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს და ვითარების განსამუხტად 3 წინაპირობას ასახელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი