ახალი ამბები

შსს-მ დილით ათეულობით ადამიანი დააკავა

21 ივნისი, 2019 • 1552
შსს-მ დილით ათეულობით ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 21 ივნისს, დილით ათეულობით ადამიანი დააკავა. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე შსს-ს პრესცენტრში ვერ გვითხრეს. აქციის მონაწილეები დააკავეს ღამითაც, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. ამ დრომდე ასევე უცნობია, კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე დააკავეს ადამიანები.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან გუშინ, 20 ივნისს, დაიწყო და ის ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.  რუსეთის დუმის დეპუტატმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

ოპოზიციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს – მორიგი აქცია 19 საათზე ჩაინიშნა

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი