ახალი ამბები

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დატოვონ პარლამენტის ტერიტორია

20 ივნისი, 2019 • 1235
შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დატოვონ პარლამენტის ტერიტორია

საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის მიმდებარ ტერიტორია.

წინააღმდეგ შემთხვევაში შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ადამიანები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომას ითხოვენ, პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ.

ამ წუთებში დაპირისპირებაა აქტივისტებსა და პოლიციელებს შორს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა — ნიკა მელიამ, გრიგოლ ვაშაძემ და გიგი უგულავამ — რამდენიმე საათის წინ თქვეს, რომ თუკი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური უახლოეს საათებში არ გადადგებიან თანამდებობებიდან, ისინი პარლამენტის შენობას მშვიდობიანად დაიკავებენ.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები პროპორციული სისტემით 2024 წელს უნდა გაიმართოს.

საღამოს პარლამენტის წინ დაიწყო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. რუსთაველის გამზირი დემონსტრანტების დიდი რაოდენობის გამო გადაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი