ახალი ამბები

ლევან კობერიძე გავრილოვის საკითხის გამო თალაკვაძეს და ჩუგოშვილს “ოცნების” დატოვებისკენ მოუწოდებს

20 ივნისი, 2019 • 1371
ლევან კობერიძე გავრილოვის საკითხის გამო თალაკვაძეს და ჩუგოშვილს “ოცნების” დატოვებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მოითხოვს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარების ორგანიზატორებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხი აგონ.

“ეს ქვეყანა მართლა უპატრონო ჰგონიათ მგონი ვიღაც-ვიღაცებს და ძალიან ეშლებათ. ის საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს შვილებს ეკუთვნია და არა ცალკეულ თანამდებობის პირებს.

გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათება არის პარლამენტის თავმჯდომარის და ორგანიზატორების პასუხისმგებლობა – მათ უნდა უნდა აგონ პასუხი ამ უმსგავსობაზე.

ჩემს კოლეგა არჩილ თალაკვაძეს და თამარ ჩუგოშვილს მოვუწოდებ გულმხურვალე ფეისბუქ პოსტების ნაცვლად, უმრავლესობის გუნდში შეჯერდნენ თავის ღირებულებებზე და თუ არ ეთანხმებიან დატოვონ უმრავლესობა”, – წერს კობერიძე Facebook-ზე.

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.

დღევანდელ სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. მან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო სივრცეში.

სწორედ ამას მოჰყვა აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი. ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და განაცხადეს, რომ არ შემოუშვებენ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობს. ამის შემდეგ ასამბლეის სესია პარლამენტში შეწყდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლაზე ამბობს, რომ ეს მისთვის მძიმედ სანახავია.

“ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა,“- წერს ჩუგოშვილი.

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში მისვლას უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.

“რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!” – წერს ის ფეუსბუქზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი