ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პრემიერის გამოცვლა ასე მარტივად არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში

9 დეკემბერი, 2014 • • 1134
ღარიბაშვილი: პრემიერის გამოცვლა ასე მარტივად არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში

“რას ეფუძნება აჟიოტაჟი მაშინ, როცა წელს უკვე ორჯერ შევცვალე მინისტრთა კაბინეტი: ჯერ 7 მინისტრი შევცვალე და შემდეგ კიდევ 3 მინისტრი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ცვლილებები, რაც უკვე განხორციელდა, არის დასრულებული ამ ეტაპისთვის:

 

“მათ გააკეთეს თავიანთი სამუშაო და დადგა დრო ისინი წასულიყვნენ, სხვა სამსახურში გადასულიყვნენ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, ის მთავრობას არ ყოფს ისე, რომ ნაწილი არის მისი პირადი გუნდის ან კლანის წევრები:

 

“ჩემი გუნდის წევრებად, სხვისი გუნდის წევრებად არ ვყოფ მთავრობას, ეს არის ერთი გუნდი, არავითარი გუნდი და კლანები, როგორც თქვენ უწოდებთ, არ არის, ეს არის არაფერზე დაფუძნებული სპეკულაციები”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

მისი თქმით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში მთავრობაში 27 ადამიანია შეცვლილი. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბოლო დღეებში გამოეთხოვნენ თანამდებობებს, მას ჯერ კიდევ ზაფხულში თხოვდნენ გადადგომას, მაგრამ მისი თხოვნით დარჩნენ პოზიციებზე წლის ბოლომდე.

 

“არის დრო, როცა უნდა შეცვალო ადამიანები, ამას ჰქვია განახლება, ახალი სისხლის გადასხმა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი თავად ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება პრემიერის პოსტიდან, რადგან ბოლო დროს ცვლილებები შეეხო მისი ნათესავის, კერძოდ, მისი ცოლის მამიდაშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის თანაგუნდელების გათავისუფლებას სამსახურებიდან? – ღარიბაშვილის პასუხი ასეთია:

 

“ეს იმდენად სასაცილოა, რომ არც კი ვიცი, გიპასუხოთ თუ არა. პრემიერის გამოცვლა ასე მარტივად არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მაშინ, როცა შევცვალე მინისტრები, მოადგილეები, ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ უფრო ეფექტური გავხადოთ მთავრობა”.

 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღარ აპირებს მთავრობაში ცვლილებების განხორციელებას.

 

“პარლამენტის თანხმობის გარეშე კიდევ სამი მინიტრის შეცვლის უფლება მაქვს, მაგრამ არ ვაპირებ არც ერთი მინისტრის შეცვლას, მთავრობაში ცვლილება არ იგეგმება, შიდა გადაადგილება ამ ეტაპზე დავასრულეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მან ზვიად ჯანყარაშვილის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ნათესაური ნიშნით არ შეურჩევია არც მაშინ, როცა შსს-ს გენინსპექციის უფროსობა მიანდო და როცა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის მითქმა-მოთქმა, რაც მოჰყვა ნათესაურ კავშირზე აპელირებას, აზიანებს მთავრობას და ამის გამო ჯანყარაშვილმა უარი თქვა თანამდებობაზე.

 

“მე ადამიანს ვაფასებ საქმით და არა ჭორებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

 

პრემიერის განცხადებით, საკადრო ცვლილებებთან კავშირი არა აქვს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს:

 

“ბიძინა ივანიშვილი არ ერევა მთავრობის საქმიანობაში, მე არ დამიმალავს, რომ როცა საჭიროდ ვთვლი, შემიძლია, დავურეკო და მოსაზრება ვკითხო. ჩვენ არასოდეს არაფერი არ დაგვიმალავს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თანამდებობები დატოვეს – “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილმა ზვიად ჯანყარაშვილმა, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩიკვილაძემ, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი