ახალი ამბებირეკლამა

ბია ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

20 ივნისი, 2019 •
ბია ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

თბილისში, ბიას ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი, “განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები” გაიმართა.

ფორუმს რეგიონის წინაშე არსებული შესაძლებლობებითა და გამოწვევებით დაინტერესებული დელეგატები ესწრებოდნენ 15-ზე მეტი ქვეყნიდან. საინვესტიციო ფორუმი, ბიას გენერალურმა დირექტორმა, აიეტი კუკავამ გახსნა, ხოლო მისასალმებელი სიტყვით დელეგატებს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქოვგილმა მიმართა. განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის: პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეგიონული ეკონომიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები, აქტივებისა და დაგროვილი ინვესტიციების მართვა, კერძო და ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო პერსპექტივები და სალიზინგო შესაძლებლობები განვითარებადი ბაზრებისთვის.

ფორუმმა 50-მდე გამომსვლელს უმასპინძლა, მათ შორის, ცნობილ საინვესტიციო ექსპერტს, რიჩარდ ვილსონს, რომელმაც კერძო ოჯახების მიერ დაგროვილი ინვესტიციებისა და აქტივების მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გამოსვლელებს შორის ასევე იყვნენ ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაწიეჟ სზურა, “ეი ეფ სი უზბეკეთის ფონდი და აზიის ფრონტიერ კაპიტალის” უფროსი საინვესტიციო ოფიცერი სკოტ ოშეროფი, “SWC ჯგუფის” პარტნიორი აგნიესზკა ჩენზარტოვიჩი. გარდა ამისა, ფორუმს ესწრებოდნენ მთავრობისა და უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართა B2B შეხვედრები პროექტების მფლობელებთან და ინვესტორებთან, სადაც კომპანიებმა დაინტერესებულ ინვესტორებს საკუთარი პროექტები წარუდგინეს. ბიას ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება და ერთ სივრცეში აერთიანებს ინვესტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და მთავრობის წევრებს.

ფორუმის მიზანია ბიზნესს დაეხმაროს ინვესტიციების მოზიდვაში, ასევე, ხელი შეუწყოს ქვეყნის, როგორც რეგიონის საფინანსო-ბიზნეს ცენტრად განვითარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი