ახალი ამბები

ყოველივე ამას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო – კობახიძე ოკუპაციაზე

19 ივნისი, 2019 • 2315
ყოველივე ამას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო – კობახიძე ოკუპაციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიაზე რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე ქრისტიანობის კონტექსტში ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების დელეგაცია.

“სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია. ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის, არამედ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა, ამ რწმენის შესაბამისი ქმედებით უნდა გამოიხატოს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საზი გაუსვა ოუპირებულ ტერიტორიებზე შექნილი ვითარების სიმძიმესაც და თქვა:

“მიუღებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცდილობენ ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი. მეტიც, ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურის კვალი. დამეთანხმებით, რომ ყოველივე ამას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო.”

კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმოსურნე ურთიერთობებიც აღდგება”.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება. რუსეთის დელეგაციას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ მოქალაქეები. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლისას ცერემონიების სახელმწიფო სასახლე პროტესტის ნიშნად დროებით დატოვა საქართველოში უკრაინის ელჩმა.

რუსეთის დელეგაციას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ [ფოტო/ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი