საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ლგბტქი პირთა უფლებები.
“სოციალური მუშაობა არის პროფესია, რომელიც აღიარებს ყველა ადამიანის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს. შესაბამისად, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ეხმაურება ლგბტქი ადამიანების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სახელმწიფოს დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეების კონსტიტუციით აღიარებული უფლებები, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე, უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და სათანადო რეაგირება მოახდინოს ლგბტქი თემის მიმართ გაჟღერებულ ძალადობის შემცველ განცხადებებსა და განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე”, – აცხადებს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.
თბილისში, ივნისში დაგეგმილი პრაიდის ორგანიზატორებს მუქარით უპასუხეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომელთა ერთ-ერთი ლიდერია ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ხელისუფლებამ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე თქვა, რომ ის პრაიდის ორგანიზატორებს უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემდა.