ახალი ამბები

მარგველაშვილი: ქალებს შეუძლიათ თავისი თემატიკით იყვნენ წარმოდგენილნი ქართულ პოლიტიკაში

9 დეკემბერი, 2014 • • 1089
მარგველაშვილი: ქალებს შეუძლიათ თავისი თემატიკით იყვნენ წარმოდგენილნი ქართულ პოლიტიკაში

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქალებს აქვთ სპეციფიკური თემატიკა, რომელშიც ისინი თავადაც კარგად ერკვევიან და შეუძლიათ, რომ თავიანთი თემატიკით იყვნენ წარმოდგენილნი ქართულ პოლიტიკურ არენაზე.

 

“ქალბატონებს აქვთ სპეციფიკური თემატიკა, რომელზეც შეიძლება პოლიტიკოსმა იმუშაოს. გარდა ამისა, თითონაც კარგად ერკვევიან ამ საკითხებში და შეუძლიათ ამ თემით იყვნენ წარმოდგენილნი ქართულ პოლიტიკურ არენაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა NDI-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად”.

 

გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ქალების წარმომადგენლობა “არ გამოიყურება სახარბიელოდ”. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ევროპული კულტურისა და “თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების” ქვეყანა, ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექნის საკითხში საქართველო არის “ძალიან უკან”.

 

“მსოფლიოს 150 ქვეყანას შორის როდესაც 115-ე ადგილი გიკავია, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს შენში. ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ქვეყნის ეფექტური, სტაბილური განვითარების წინაპირობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტმა, ასევე, გაიხსენა მიმდინარე წელს ქალთა ხშირი მკვლელობები. მარგველაშვილის თქმით, ტრაგედიებმა, რომლებმაც შოკურად იმოქმედა საზოგადოებაზე, დააფიქრა, თუ “რა არის ჩვენში ისეთი, რაც ასეთ ტრაგედიას დაგვანახებს; რაც ასე გვაჩვენებს თავს ჩვენივე უარყოფითი მხრიდან, რომ ჩვენ აღმოვჩნდით საზოგადოება, რომელიც ასე ძალადობს თავისსავე წევრებზე”.

 

პრეზიდენტმა ქალების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილების გაზრდაზე NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე – “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” ისაუბრა. კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ესრწებიან, დაეთმობა პარტიების ხედვას ქალების წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ პარტიის სტრუქტურაში.

 

კონფერენციაზე, ასევე, მოისმენენ და განიხილავენ სამუშაო ჯგუფის “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” ხედვას იმ მექანიზმების შესახებ, რომელიც ქალთა მონაწილეობისა და თანაბარი წარმომადგენლობისთვის სათანადო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. კონფერენციის მონაწილეებს NDI საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ 2014 წლის ნოემბრის კვლევის შედეგებს გააცნობს.

გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად
გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი