ახალი ამბები

85 მლნ ლარის ყალბი აქტივების შექმნის ბრალდებით 23 მეწარმე პასუხისგებაში მიეცა

19 ივნისი, 2019 • 1127
85 მლნ ლარის ყალბი აქტივების შექმნის ბრალდებით 23 მეწარმე პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, გამოვლენილ იქნა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 23 მეწარმე. ამათგან პატიმრობაში იმყოფება 17 პირი, ხოლო 6-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და ძებნა გამოცხადდა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც, ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებს, ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში, რომელსაც შემდგომში იყენებდნენ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების  განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისა  და  მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვისთვის.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ფიქტიურად, ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა 85 000 000 ლარს აღემატება, რის შედეგადაც, სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

აღნიშნულ ქმედებებში სხვა კომპანიებისა და  და პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინაროებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი