ახალი ამბები

რატომ გაიქცა 15 წლის გოგო მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან

8 დეკემბერი, 2014 • 3483
რატომ გაიქცა 15 წლის გოგო მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონიდან

აუდიო ჩანაწერი

ელენე მისი პირობითი სახელია. ამბობს, რომ 30 ნოემბერს, როცა გიმნაზია-პანსიონიდან გამოიქცა, ძალიან ბნელოდა და თავსხმა წვიმაც მოდიოდა, მაგრამ მას არც სიცივე უგრძვნია და არც შიში. „გზაში ფოსტლებიც დავკარგე, მაგრამ მაინც არ მციოდა, ფერიის სასაფლაომდე ვირბინე, ორი თუ სამი კილომეტრი იქნება. მერე მანქანა დამეწია და უკან წამიყვანეს. მერჩივნა ქუჩაში გამეთია ღამე, მაგრამ ხელი მომკიდეს და შემაგდეს მანქანაში“, –  ყვება ელენე.

ეს არ არის მხოლოდ ელენეს მონათხრობი ამბავი. „ბათუმელების“ რედაქციას მოეპოვება 26-წუთიანი აუდიოჩანაწერი (ეს ჩანაწერი ელენეს არ გაუკეთებია, რისი დადასტურება ჩანაწერითაც არის შესაძლებელი), რომელიც ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში 30 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

ჩანაწერი იწყება ყვირილით. ხმა ეკუთვნის ეთერ მახარაძეს, როგორც ელენე ამბობს,  –  ეთო ძიძას. ის ელენეს უყვირის, თუ რა უფლებით ჭორაობს ბავშვებთან მასზე. ელენე უხსნის, რომ ის არ ჭორაობს და, უბრალოდ, ბავშვებს იმის შესახებ მოუყვა, რაც მანამდე ითქვა მასსა და ძიძას შორის (ეთერ მახარაძის თქმით, რასაც ელენეც ადასტურებს, ელენეს პრობლემები ჰქონდა გახანგრძლივებულის პედაგოგთან და ძიძა მასთან დასალაპარაკებლად მხარდაჭერას დაჰპირდა). დიალოგი ოთახში მიმდინარეობს ყვირილით, მოზარდის ტირილის თანხლებით.

ეთერ მახარაძე:  კაი გითხარიიი – მაგრამ ვერ ხვდები ამ დებილ თავში… რააა გატირებს.

ელენე: გაიწიეეე, მეშინიაააა, ნუ მიბრიალებ თვალებს. გაიწიე უკან, გამიშვი, გამიშვი, ხელი გამიშვი.

ეთერ მახარაძე: გააჩერე ენა. შენ საცოდავო.

ელენე: საცოდავი ვარრრ, დამანებე თავი, ნუ მიყვირი, გამიშვი, გამატარე…

ეთერ მახარაძე: არ გახვალ გარეთ. მასე დედაშენს დაეჯღანე, დედაშენი რომ მოდის და ტირის, ჩემს შვილს მოეხმარეთო…

ელენე: დედაჩემს ნუ დასცინი, ნუ ლანძღავ, ახლა გული გამისკდება, გამიშვიიი.

ეთერ მახარაძე: ისტერიკებს ნუ აწყობბბ!

ელენე: მე ისტერიკას არ ვაწყობ, ცუდად ვარ და იმიტომ ვტირივარ. დერეფანში რატომ არ მიშვებ… ნუ მირტყამ, ხელი არ დამაკარო…

ეთერ მახარაძე: ხელს არავინ არ გაკარებს. რა გინდა, გეკითხები? ადამიანურად გექცეოდი, შენ მაინც ცუდად მოიქეცი.

ელენე: გამიშვი გარეთ, თორემ ფანჯრიდან გადავალ.

ეთერ მახარაძე: გადახტი მერე.

ელენე გარბის დერეფანში, ისმის მისი ტირილი და კიბეებზე ჩარბენის ფეხის ხმა.

რა უნდა ელენეს

ელენე ამბობს, რომ მათთან ბევრი კარგი მასწავლებელი მუშაობს. ზოგთან თვითონაც მეგობრობს. ძიძები კი, რომლებიც მათთან ერთად დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობით რჩებიან, არც თუ ისე კარგები არიან. სადამსჯელო ღონისძიებებიც ძირითადად ძიძებს უკავშირდება, ყოველ შემთხვევაში, ელენეს მეხსიერებაში ასეა. მაგალითად, ის ყვება ორი წლის წინ, დასჯის მიზნით, ოთახში როგორ გამოკეტეს და საშობაოდ მისულ სტუმრებთან გასვლის უფლება არ მისცეს. „ამის გამო ერთ გოგონას გული წაუვიდა და მერე ექიმმა ძლივს მოასულიერა“.

ყვება იმას, თუ რა მოხდა, როდესაც „სუხიშვილების ანსამბლის მთავარი სოლისტი თეა დარჩია იყო მათთან ჩამოსული და რა მოხდა, როცა ის წავიდა – ერთ-ერთმა ბავშვმა იტირა და გონება დაკარგა. „ამის გამო, თუ რა მიზეზით არ ვიცი, ეს ბავშვი სამი საათის განმავლობაში მარმარილოზე დააწვინეს“. ყვება იმასაც, თუ პანსიონის მოქმედი ფსიქოლოგი როგორ ემუქრება ბავშვებს „კალამის გადაყლაპებით“, როგორ წაართვეს ნათლიის ნაჩუქარი ტელეფონი გაკვეთილზე და გადაუგდეს ნაგვის ურნაში; და იმასაც, რომ „ის და მისი მეგობრები ასევე სამი საათის განმავლობაში მუხლებზე როგორ ჰყავდათ მარმარილოზე დაჩოქილები“.

ელენეს თქმით, ის აქამდეც არაერთხელ გაუფრთხილებიათ, რომ თუ სხვანაირად არ მოიქცევა, მალე ყველას გიჟი ეგონება. „თუმცა, „30 ნოემბერი„ წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ყველაზე მძიმე სტრესი მივიღე“.

ელენეს მიერ ჩამოთვლილი ფაქტების ნამდვილობას – მუხლებზე დაჩოქებასა და სხვა ძალადობაზე, „ბათუმელებთან“ სხვა ბავშვებიც ადასტურებენ. ზოგი მათგანი უკვე წავიდა პანსიონიდან, ზოგი უცხოეთში წასასვლელად ემზადება, ზოგი კი ისევ პანსიონში ცხოვრობს.

„ისედაც ვოცნებობდი წამოსვლას, მაგრამ ვფიქრობდი, რომც წამოვსულიყავი, დედაო მაინც მომცემდა ინგლისურზე სიარულის უფლებას. ძალიან ვიკავებდი თავს, რომ კონფლიქტი არ მომსვლოდა აღმზრდელებთან, მაგრამ მაინც დამემართა. ახლა არ ვიცი, დედაო მომცემს თუ არა ამის უფლებას, არადა, ის ფულს ჯგუფისთვის იხდის და არა ცალკეული ბავშვისთვის“, – ამბობს ელენე, რომელიც ირწმუნება, რომ კარგად სწავლობს ინგლისურს, ცუდად – ფიზიკას, უჭირს ქიმიის გაგება, განსაკუთრებით მუსიკა უყვარს და მასწავლებელ გოგიტა ბურჭულაძის ორგანიზებით შექმნილ ბენდში მღერის: „გოგიტა მასწავლებელმა ადრე მითხრა, აქედან რომც წახვიდე, მე მაინც გამეცადინებო. ფიქრობს, რომ ნიჭი მაქვს და არ დაგაკარგვინებო. ბათუმში, მესამე სკოლასთან ამეცადინებს ბავშვებს. 14 დეკემბერს კონცერტი გვაქვს.“

თუ დედას დაითანხმებს, ელენეს ძალიან უნდა პანსიონიდან წამოსვლა: „გაზაფხულზე 16-ის ვხვდები. მოქალაქის უფლებებში ვისწავლეთ, რომ 16 წლის ბავშვს შეუძლია იმუშაოს. ჰოდა, მეც ვიმუშავებ“.

რას აპირებს ელენეს დედა

ელენეს დედა 60 წლისაა. მარტოხელა დედის სტატუსი და დაბალანაზღაურებადი სამუშაო აქვს, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ამიტომ შიშობს, რომ ვერ შეუცვლის შვილს იმას, რასაც სკოლა-პანსიონი ელენეს სთავაზობს: „პანსიონში კაი კვებაა, კაი სწავლა… ვფიქრობდი, ბავშვს არაფერი მოაკლდება – სითბო, სიხარული, სწავლა, განათლება… ბენდი აქვთ ჩამოყალიბებული, გოგიტას ძალიან მოსწონს ჩემი შვილი, მაგრამ აი აგერ რა დღეში ჩავვარდი. რომ წამოვიყვანო, მოაკლდება მუსიკას, მოაკლდება ბრიტანულ სკოლას, სადაც ინგლისურს ასწავლიან, მეორე კლასიდან იქ სწავლობს, კლასელებს ჩამოშორდება. ესეც რომ არ იყოს, ცუდი პირობები მაქვს, ხვალ სად ვიქნები, არ ვიცი.

ჩემი შვილი რატომ უნდა წამოვიდეს პანსიონიდან, წამოვიდეს ის მსაჯული, ძიძა, ან მიიღოს მკაცრი გაფრთხილება, ან ხელწერილი ჩამოერთვას. ერთიც არის, ფარული კამერები რატომ არ აქვს დედაოს დამონტაჟებული. მე ასე მეჩვენება, რომ პანსიონში ძიძები და მასწავლებლები სრულიად უკონტროლოდ არიან“.

გიმნაზია-პანსიონი
                                       გიმნაზია-პანსიონი

ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის პოზიცია

ეთერ მახარაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ელენე პანსიონიდან მართლაც გაიქცა ღამის საათებში. ის „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ ელენე პრობლემური ბავშვია და 30 ნოემბერსაც ერთადერთი იმაზე ელაპარაკა, რომ აუცილებლად უნდა ისწავლოს:

„მას პრობლემები შეექმნა გახანგრძლივებულის მასწავლებელთან. მე ვუთხარი, რომ გაგყვები და დაველაპარაკოთ-მეთქი. დახმარება შევთავაზე. მან არასწორად გაიგო. ზოგადად, მას პრობლემები ბევრთან აქვს. ეტყობა ეს ყველაფერი დიდ ხანს გროვდებოდა და როგორც ჩანს, ჩემთან ამოხეთქა, მე შევრჩი ხელში.

ინგლისურს არ სწავლობს, დედამისი როცა მოდის, სულ გვთხოვს, რომ ყურადღება მივაქციოთ. ურეკავდნენ მაგის გამო დედამისს, როგორც ვიცი, მაგრამ თქვა, ვმუშაობ და ვერ ამოვალო. იმას კი არ ვამბობ, მართლა ძალიან ყურადღებიანი დედა ჰყავს. ეტყობა ბავშვი იმაზეც გაღიზიანდა, რომ დედამისი არ აკითხავს და ამან ყველაფერმა ამოხეთქა და მე გადამატყდა თავზე. არადა, კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია მაგ ბავშვისთვის, ჩვენს ხელში გაიზარდა, სულ ვეფერებოდით და ისე გავზარდეთ“.

ელენესთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ ინფორმირებულია პანსიონის სასწავლო ნაწილის გამგე, მღვდელი იოანე სიჭინავა. მან „ბათუმელებს“ განუმარტა: „ეს არის დახურული დაწესებულება და ინფორმაციაც არის დახურული, ამიტომ ამის გასაჯაროებას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ. ჩვენ მშობელთან გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა და თუ რამე პრობლემა არის, დედასთან ერთად შეგვიძლია ამის გადაწყვეტა. ვფიქრობ, კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის დირექტორი – სამონაზვნე სიდონია (დარჩია) საქართველოში არ იმყოფება. ის, სავარაუდოდ დღეს დაბრუნდება ბათუმში.

პანსიონის რეჟიმი

ელენე თავის დღის რეჟიმზე ყვება. მას ბევრი რამ არც დღის რეჟიმში მოსწონს, მაგრამ ამას განსახილველ თემად არ მიიჩნევს: „დღის რეჟიმი ასეთი გვაქვს – 8 საათამდე ვიცვამთ, ვალაგებთ ოთახს, ლოცვას ვკითხულობთ და 9 საათზე ავდივართ გაკვეთილზე. ცალ-ცალკეც შეიძლება ლოცვა, მაგრამ რაც უფრო მეტი ლოცულობს, უფრო კარგია. ორის ნახევარზე მორჩება სკოლა, მერე ნახევარი საათი ჭამ, კბილებს გამოიხეხავ, აიღებ წიგნებს და 6 საათამდე წახვალ გახანგრძლივებულში. გახანგრძლივებულში თითო კლასს თითო მასწავლებელი გვყავს. პატარა ბავშვებს ეხმარებიან, ჩვენ ვსწავლობთ ჩვენით, ჩავაბარებთ და მასწავლებელი მონიშნავს პლუს-მინუსს. საბოლოო ჯამში, გახანგრძლივებულის მასწავლებელს მონაცემები შეაქვს დედაოსთან და აჩვენებს მთელი წლის განმავლობაში ვინ რას აკეთებდა. ამაზეა დამოკიდებული ვინ დარჩება პანსიონში და ვინ წავა. ჩემი კლასიდან, მაგალითად, შარშან ექვსი ბავშვი გაუშვეს.

დღე მთავრდება 10:30 წუთზე, ამ დროს უკვე ლოგინებში ვართ.

რაც შეეხება დასვენების დღეებს, შაბათს ლოცვა გვაქვს ღამისთევით, – 12-ის ნახევარზე იწყება და ორ საათზე მთავრდება. იმიტომ ატარებს მამაო წირვას ღამით, რომ დილით ადგომა არ მოგვიწიოს. წირვაზე დასწრება სავალდებულოა. ერთ შაბათ-კვირას გვაქვს სახლში წასვლის უფლება, მეორე შაბათ-კვირას ლოცვაზე ვრჩებით.

სულ 50 ძიძა გვყავს, ბავშვები, მგონი 116 ვართ. ყველა ჯგუფს თავისი ძიძა ჰყავს. არიან ჩვილები, მერე ხუთწლიანები, შვიდწლამდელები, შუათანები და დიდები. ყველას ჰყავს სამ-სამი ძიძა, ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან – ცვლაში მუშაობენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი